STV
ექსკლუზივი

ბერაიების სიმრავლე საჯარო სამსახურებში – რა ხდება ხობის მუნიციპალიტეტში ?!

განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე- დოდო გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე –დავით ბერაია, საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე- თეა გელანტია, ხობის მერიის კულტურის ცენტრის უფროსი – ბეჟან ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრი – ნაირა ბერაია, ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული – ირაკლი ბერაია,მერიის ადმინისტრაციაში სპეციალისტი – ნათია გაბისონია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრი” თანამშრომელი ნუკრი წოწონავა – ადგილობრივების განცხადებით, ეს არასრული ჩამონათვალია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ნათესავების, რომლებიც ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა თუ საკრებულოში არიან დასაქმებულები.

ადგილობრივების ნაწილმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა რეალობა მაინც არ შეცვლილა.

“ის რაც ხობის მუნიციპალიტეტში ხდება არის სრული განუკითხაობა. როცა ხმა ამოვიღე, მახსოვს მაჟორიტარი ალავიძით დამემუქრა, რომელიც თურმე მისი ჯგუფელი იყო. უბრალოდ სირცხვილია, ბერაიებისაა ხობი, ასე გამოდის,დამლაგებელიც ვერ დაინიშნება თუ მაჟორიტარის ნათესავი ან მეგობარი არ არის.”- აცხადებენ ხობელები.

არიან თუ არა ზემოთხსენებული საჯარო მოხელეები მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ნათესავები და ზოგადად რა კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა აღნიშნული კითხვებით STV თავად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს დაუკავშირდა.

როგორც ირაკლი (დაჩი) ბერაიამ განმარტა აქედან მხოლოდ ოთხი ადამიანია მისი ნათესავი – დედა, დოდო გაბუნია, რომელიც განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციას 2014 წლიდან იკავებს და დედა საკრებულოში მოხდა გაცილებით ადრე ვიდრე ის პარლამეტში. მისივე თქმით, დედამისმა 2017 წლის მოწვევის საკრებულოში თანამდებობა კვლავ შეინარჩუნა.

რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით ბერაიას, როგორც მაჟორიტარი აცხადებს ის შემთხვევით გაიცნო და მას შემდეგ დაინტერესდა მისი კანდიდატურით, რაც საკრებულოს რიგითი წევრი გახდა.
განსხვავებით დავით ბერაიასგან, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ამბობს, რომ ხობის მერიის კულტურის ცენტრის უფროსს – ბეჟან ბერაიას იცნობდა, თუმცა მას რეკომდაცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გაუწია. აღნიშნული ინფორმაცია ჯობავამ STV -თან დაადასტურა- “ეს ადამიანი იყო გამოცდილი კადრი და ნამდვილად იყო ჩემი აღმოჩენა,”-აღნიშნა ჯობავამ.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ აღნიშნა, არც ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი – ნაირა ბერაიაა მისი ნათესავი, თუმცა მას იცნობდა.

ნაირა ბერაიასგან განსხვავებით ბებიამისის ბიძაშვილის შვილიშვილი აღმოჩნდა თეა გელანტია, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.მაჟორიტარის მტკიცებით, ნათესაური კავშირის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.

“თეა გელანტიას ნათესაური კავშირის შესახებ მას შემდეგ გავიგე რაც ლაშა გვასალიამ პოსტი დაწერა თითქოს მე ოპოზიციას შევეკარი რათა თეა დამარცხებულიყო. ნუ მანდ სახელი და გვარები არ ეწერა, მაგრამ მე მიგულისხმა. შემდეგ ის პოსტი ლაშა გვასალიამ წაშალა,”-აღნიშნა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ.

რაც შეეხება ნუკრი წოწონავას, მაჟორიტარი ამბობს რომ ის ნამდვილად მისი ნათესავია და განმარტავს რომ მართალია წოწონავა თანამდებობაზე მისი გამაჟორიტარების შემდეგ დაინიშნა თუმცა  მიზერული ხელფასით.

“ნუკრი წოწონავა არის ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ჩემი ნათესავია. მაგრამ მას აქვს მიზერული ხელფასი 300 ლარამდე. ეს ადამიანი დაინიშნა მას მერე რაც მე დეპუტატი გავხდი. მისი დასაქმების საქმეში მე ჩართული არ ვიყავი,”-განაცხადა ბერაიამ.

დეპუტატის მტკიცებით არც ხატია გაბისონიას დასაქმება მომხდარა მისი ჩარევით, რომელიც ხობის მერიაში სპეციალისტად მუშაობს.

კანონმდებელი ამბობს, არც ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ირაკლი ბერაიაა მისი ნათესავი, მაგრამ მას კარგად იცნობს.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის წარმომადგენელი არჩილ თოდუა განმარტავს, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ხობში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას.

შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვაკანტურ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის შერჩევის შესაძლებლობას არ იძლევა და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

საიას წარმომადგენლის ჯანო ჭკადუას თქმით კი საჯარო სამსახურში თითოეული თანამშრომელის არჩევა პროფესიული ნიშნით უნდა ხდებოდეს და არა ნათესაური კავშირებით.

STV სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე მომზადებულ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

Related posts

“… დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა”- შაკო ნაჭყებიას ჩანაწერები

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდში – უცნობი პირები “ნიკორას” მაღაზიაში შეიჭრნენ და თანამშრომლები სცემეს

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი მაღაჩინოსანი დაკავებულია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი