STV
ექსკლუზივი

ლევან შონია – ზურაბ კვირტიასთან სხვა ურთიერთობა, გარდა უბრალო ნაცნობობისა არ მქონდა

“მე ვიცნობდი ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას, თუმცა მასთან სხვა ურთიერთობა გარდა უბრალო ნაცნობობისა არ მქონდა”-აცხადებს STV-თან სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია.

შონიას განცხადებით, კვირტია მაშინ გაიცნო, როცა ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ქალაქ ზუგდიდში გარკვეული სახის ინვესტიციები ჩაედო. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ბიზნესმენთან მას მოლაპარაკებებიც არ უწარმოებია, რადგან ეს მხოლოდ მერიის პრეროგატივა იყო.

“მე რა უფლება მქონდა მასთან მოლაპარაკებები მეწარმოებინა. მასთან ურთიერთობა და შესაბამისი მოლაპარაკებები ჰქონდა მერს და მერიის წარმომადგენლებს. მე უბრალოდ ვიყავი ჩეულებრივი მაკონტროლებელი და სხვა არაფერი”-განაცხადა ლევან შონიამ.

STV-ს კითხვაზე, იცოდა თუ არა იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ზურაბ კვირტია მერიას გარკვეული თანხის გამოძალვაში ედავებოდა, ლევან შონიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ მან არაფერი იცოდა.

ცნობისათვის, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ ფოტოები გაავრცელა, სადაც მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ბიზნესმენი ზურაბ კვირტიაა აღბეჭდილი. ზოდელავას განცხადებით, სწორედ ამ მაღალი თანამდებობის პირებმა გამოსძალეს თანხა ბიზნესმენს.

“ამ სქემას გუბერნატორი შონია ხელმძღვანელობდა. გოგია აქ მხოლოდ შემსრულებელი იყო. ლევან შონიამ და გია გულორდავამ დაატერორეს ბიზნესმენი. შემდეგ კი მერის მოადგილე გია გულორდავა ე.წ კანონიერ ქურდებს კვირტიასთან არეკინებდა, რომ ეს ამბავი დაემალა”-აცხადებს მურათაზ ზოდელავა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფარული აუდფიოჩანაწერებიც არსებობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია მურთაზ ზოდელავას ბრალდებებს აბსურდულს და სიცრუეს უწოდებს.

“ეს არის აბსურდული, სიცრუის ტირაჟირება და ამ სიცრუეზე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ”-განაცხადა STV-თან ლევან შონიამ.

Related posts

სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ისევ ვაკანტურია

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მალე ახალი ვიცე-მერი ეყოლება

რედაქტორი

წალენიჯიხის ვიცე-მერად ცოტნე შონია დაინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი