STV
დღის თემა

მიტროპოლიტი გრიგოლი :”სასულიერო პირს, როგორც მოქალაქეს აქვს ვალდებულებები, მაგრამ სად გაქრა უფლებები?”

“სასულიერო პირს, როგორც მოქალაქეს აქვს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ სად გაქრა უფლებები?,”-ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით დღეს ჩვენ იმ ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნულია და სახელმწიფო და ეკლესია  ერთმანეთის საქმეში არ ერევიან, არამედ თანამშრომლობენ ერთობლივი ინტერესების სფეროში კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე.

“ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯნვა ატარებს ინსტიტუციურ ხასიათს, მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა: სასულიერო პირი არის ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც მოქალაქეს, ვის შეუძლია მას აუკრძალოს პოლიტიკური აქტივობა? სასულიერო პირს, როგორც მოქალაქეს აქვს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ სად გაქრა უფლებები?

ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობა არეგულირებს (ზღუდავს) ზოგიერთ პროფესიას მიკუთვნებულ ადამიანთა პოლიტიკურ აქტივობას და ამ ჩამონათვალში არ არის სასულიერო პირი ან, ზოგადად, რელიგიური მოღვაწე.

ჩვენ გვაქვს იესოს სწავლება: „მიეცით ღმერთს ღმრთის, კეისარს კეისრისა“. მაცხოვრის ეს სიტყვები ვის აძლევს უფლებას, ან აძლევს კი ვინმეს უფლებას, რომ სასულიერო პირს უთხრას, რომ შენი საქმეა ის, რაც ეკლესიის გალავანს შიგნით ხდება და გარეთ რომ გამოდიხარ, დადუმდი, ნუ გვკარნახობ შენს ნებას;

სასულიერო პირი (რელიგიური მოღვაწე) არის არა მხოლოდ ღვთისა და ეკლესიის მსახური, არამედ იმავდროულად შესაძლოა იყოს მამა, მეუღლე. …და, რა უნდა უთხრას მათ? მიხედეთ თქვენს თავს, მე არაფერი მეხება, რაც ტაძრის გარეთ ხდება?
ალბათ, იტყვით, რომ ასე არ ივარგებს.

იქნებ სჯობს პრობლემას თვალებში ჩავხედოთ?

გასარკვევია და დასადგენი, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური მოღვაწის პოლიტიკური აქტივობა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად (რაც, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ნიშნავს) და როდის – მოქალაქის კონსტიტუციური უფლების განხორციელებად?

როგორც მიმდინარე მოვლენებმა გამოკვეთა, არსებობს საკანონმდებლო ვაკუუმი და პატრიარქის მიმართვამაც (ფაქტობრივად) ეს პრობლემა გამოკვეთა. ე.ი. საჭიროა შეიქმნას გარკვეული რეგულაციები, რათა ერთი და იგივე ქმედება, ჩადენილი პიროვნულ დონეზე თუ ინსტიტუციური მასშტაბით, არ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვისაც ეს გვეხება. ეს იმიტომ არის კიდევ საჭირო, რომ ამ დღეებში არაერთი სასულიერო პირისგან მოვისმინეთ გაკვირვებული გულისწყრომა, როცა გვეუბნებოდნენ, კი მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები? ჩვენ არ გვაქვს ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება? ხომ არ ვუბრუნდებით იმ დროებას, როცა კანონგარეშე ვიყავით გამოცხადებულები?

ცხოვრებას კანონები კი აწესრიგებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კანონები დროთა განმავლობაში იცვლება გარემოებათა მიხედვით, უცვლელია მხოლოდ საღმრთო სამართალი და ჩვენი ნებისმიერი მოქმედება, მით უფრო საკანონმდებლო სფეროში, დაფუძნებული უნდა იყოს ისეთ კანონზე და სამართალზე, რომელიც გაუძლებს დროს და არ გახდება ვითარების მიხედვით ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციის საგანი.

შექმნილმა ვითარებამ ჩვენ დაგვანახა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის (რელიგიის) ურთიერთობაში არის საკითხები, სადაც ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, პრაქტიკული გადაწყვეტილებებია მისაღები, იმისთვის, რომ ყველამ (ორმხრივად) დაიცვას თავისი საზღვრები და არ ვექმნეთ ერთმანეთს დაბრკოლებად,”-აღნიშნავს მეუფე გრიგოლი.

Related posts

“მტკივნეული და დამთრგუნველი გზა…”-ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან

dima

კადრებში აღბეჭდილი მწარე რეალობა – როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა?!

რედაქტორი

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

dima

დატოვე კომენტარი