STV
სხვა ამბები

ყნოსვითი მეხსიერება… (პაპუნა შუშანიას დღიურებიდან)

როცა რამის გახსენება მინდა, ჯერ სუნი მახსენდება და მერე ყველაფერი დანარჩენი, ოთახში ვინმე თუ იყო ჩემამდე, ამასაც მარტივად ვიგებ – ბავშვობაშიც ასე იყო, ყოველ გაზაფხულზე მერცხლების მოფრენის თარიღსაც სუნით ვიმახსოვრებდი და ყოველი შემთხვევისთვის კედელზე თეთრი ქვით მაინც ვაწერდი, მერე სანაპიროზე გულის ფორმის პატარა ქვას ვპოულობდი. იქვე, ხიდიდან ვისვრიდი და სურვილებს ვატანდი. თუ გვერდში თანატოლი მახლდა სანაძლეოს ვდებდით, ვინ უფრო შორს გაისვრიდა – ქვა აუცილებად ბრტყელი უნდა ყოფილიყო, რომ დიდ მანძილზე გესროლა.

ისიც მახსოვს, სამი-ოთხი წლის ასაკში ბაღში რომ დავდიოდი, როგორი სუნი ქონდა იქაურ ოთახებს და სამზარეულოს. ისიც, ეზოში, რომ ყვავილებს ვკრეფდი საფლავზე ასატანად, შემდეგ ხელებზე რომ მიწანარევი და სველი ბალახების სუნი ამდიონა. წისქვილის სუნი მახსოვს -ხვიმირებში ჩაყრილი სიმინდის და ხორბლის არომატები – ერთმანეთში არეული და უზარმაზარი სასწორის რკინანარევი სუნი, მკლავებზე რომ აგვდიოდა ხოლმე აწონვის მერე.

წითელი ტყემლის სუნი კიდევ. ძირს ჩამოცვენილი ტყემლის. ისიც მახსოვს, მცენარეებით ვმკითხაობის დროსაც ყნოსვით ვადგენდი – გვირილის ფურცლებს შემდეგი სიტყვებით ვითვლიდი – “კი” და “არა”. აქაც სურვილს ჩავუთქვამდი და თამაშის ბოლო მამშვიდებდა. ყოველთვის გამარჯვებული ვიყავი და ჩათქმული სურვილიც ხდებოდა. როცა ეს რიტუალი მბეზრდებოდა ზემელზე გავიდოდი, სადაც უბნის ბავშვები იკრიბებოდნენ.

მას მერე წლები გავიდა, როცა ახლა მათ ქუჩაში ვხვდები, ბავშვობაში ნაყნოსი სუნი დადებითად მუხტავს ემოციურ ინიციატივას და უდარდელი დრო ფილმის კადრებივით თვალწინ მიდგას. მახსენდება – ცუცას ეზოს გვერდით, ქვებით სტადიონს შემოვხაზავდით და მუხლის გადატყავებამდე ფეხბურთს ვთამაშობდით. შემდეგ, ცუცა გაგვიწყრებოდა – ჩვენს სტადიონს შემოსაზღვრულ ქვებს ააცლიდა და გვესროდა.

სეფის ქორწილებში ცალ ხელში ლიმონათი გვეჭირა და მეორე ხელში კიტრი. პადარძალს ვემალებოდით – გვერიდებოდა უცხო ადამიანის. პატივისცემა გვქონდა უფროსის – შეპასუხებას ვინ გაბედავდა – სოციუმი აყალიბებდა ნიშან-თვისებებს, აი ის სოციუმი ახლა რომ გარემო-პირობებს ეძახიან. იყო და არა იყო რა. ალბათ დრო იყო ასეთი, სულ სხვა ამბავი იყო…

ფქვილი იყო და ქატო არა. ლხინი იყო და ჭირი არა. ახლა ბუდეებიც ცარიელია და კედელზე მონიშნული თარიღიც წაშლილი. მეხსიერებიდან ამოლაგებულ ამბებს კი ვორდის ფაილებში ვინახავ. აღარც გულის ფორმის ქვებს ეძებენ ბავშვები და აღარც გვირილებზე მკითხაობენ. სხვაგვარად იმტვერება ფეხსაცმელი სოფელში და ქვასროლია ცუცაც აღარაა… მაგრამ არიან ადამიანები და არსებობს ისტორიები, რომლებიც ახერხებენ შთაბეჭდილების, გავლენის მოხდენას, რაც მერე სულ გახსოვს და რამხელაც არ უნდა იყო, არ გავიწყდება…

ახლა ბავშვობის ამბების გახსენების პრევენციაზე ვყალიბდები რაც რეალურად იყო და არა იყო რა …. ბავშვობაში…. გადავხედე ჩამონათვალს და თურმე ყველაზე მძაფრად სოფელთან დაკავშირებული არომატები მახსოვს. ყოფიერების მიმართ განცდილი მადლიერებაც სუნთან ასოცირდება – ოთახში ვინმე თუ იყო ჩემამდე, ამასაც მარტივად ვიგებ….

Related posts

ფრინველის ხორცი ისეთივე მავნეა, როგორც წითელი ხორცი

რედაქტორი

დიზაინერი დების ბრენდი ‘’T&N Darchia’’ – ნამუშევრებს უნიკალური ტექნლოგიით ქმნის

რედაქტორი

ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში ვადაგასულ და გაფუჭებულ შოკოლადებს ჰყიდიან

რედაქტორი

დატოვე კომენტარი