STV
სხვა ამბები

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოში 1990 წელს დაწესდა და მას საქართველო 2006 წლიდან, ფონდ “თაობის“ ინიციატივით შეუერთდა. ხანდაზმულთა დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს ის პრობლემები, რომლებიც ასაკოვანი ადამიანების დიდი ნაწილის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს შინმოვლის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ვახანია აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც წლების განმავლობაში დაუძლეველია, ხანგრძლივი მოვლის სახელმწიფო სისტემის დანერგვაა.

“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ღირსეული ნაწილის – ხანდაზმულთა საჭიროებების სწორად შეფასება და მათთვის უწყვეტი, მწყობრი სამედიცინო და სოციალური ზრუნვის სტრატეგიის შემუშავება. ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს აბსოლუტურად არასაკმარისია საიმისოდ, რომ მოხუცებმა ღირსეულად იცხოვრონ. მათი ღვაწლი სათანადოდ არ არის აღიარებული და უმეტეს შემთხვევაში, ხანდაზმულთა პოტენციალიც არარეალიზებულია. ჩვენს საზოგადოებაში ხშირია მოხუცების სტიგმატიზება, ოჯახური ძალადობის ფაქტები და სხვა. სწორედ ამიტომ, პირველ ოქტომბერსაც და სხვა დღეებშიც ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ხანდაზმულები მეტად დაცული და სოციალურად რეალიზებული. მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უსარგებლოები არიან”,- აცხადებს უჩა ვახანია.

შინმოვლის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე ამბობს, რომ მოხუცებულთა სამედიცინო და სოციალური საჭიროებების ადვოკატირებისთვის არაერთი პროექტი განახორციელეს, მაგრამ ამ დრომდე სახელმწიფოს ეფექტური ზომები არ მიუღია.

“ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია ხანდამულთა შინმოვლა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კომპონენტი. ასევე, მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოს თანხები, რათა სხვადასხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მცხოვრებ მოხუცებს მივაწოდოთ ჯანდაცვის და სოციალური სერვისები ბინაზე მისვლით, რათა თავიდან ავიცილოთ მათი მდგომარეობის გართულება და, ერთი მხრივ, შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტს ავარიდოთ დიდი ოდენობით ხარჯები, რომლებიც საჭიროა გართულებული მდგომარეობისას გადაუდებელი დახმარებისა და ჰოსპიტალისთვის. მრავალ მუნიციპალიტეტს უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია შინმოვლის პროგრამების დანერგვაზე, შევთავაზეთ უსასყიდლო კონსულტაციები, თუმცა ქმედითი ნაბიჯები მეტად მოკრძალებულია და იმედი გვაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ხანდაზმულთა მხარდაჭერა უფრო მეტად პრიორიტეტული გახდება”,- განაცხადა უჩა ვახანიამ.

საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20% ხანდაზმული ასაკის არის. აქედან 60 ათასი შინმოვლისა და ხანგრძლივი მოვლის სერვისებს საჭიროებს.

Related posts

თედო რეხვიაშვილი – მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!

რედაქტორი

უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ჰუსეინი – როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას

რედაქტორი

გიორგი შენგელიას სარეკლამო ვიდეორგოლის საპასუხოდ, სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში 7 წლის წინ გადაღებული კლიპი ატვირთა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი