STV
სოფლის მეურნეობა

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა ჩართულობის შესახებ იმსჯელეს

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

როგორც STV-ს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები ქალთა ჩართულობა, სოფლის მეურნეობა და საქართველოში სოფლის განვითარება იყო.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა და აქტიური დისკუსია შედგა სოფლის მეურნეობის სფეროში გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს სექტორში გენედერის კუთხით არსებულ პრაქტიკაზე და ENPARD-ის პროგრამით გათვალისწინებულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვის შესახებ.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა საქართველოში FAO-ს ექსპერტების მიერ გენდერის შეფასების კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ფაქტები და მიგნებები.

FAO-ს ცნობით, კვლევამ, რომელიც ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა (ADC) და ENPARD-ის მხარდაჭერით განხორციელდა, გამოავლინა გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე, განასაკუთრებით, შემოსავლისა და დასაქმების სეგრეგაციის კუთხით. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სექტორში, ქალებს კაცებზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ. საშუალოდ, საქართველოში სოფლად დასაქმებული ქალების შემოსავალი მამაკაცების შემოსავლის 75%-ია. ამასთან, დასაქმების ბაზარზე ფიქსირდება გენდერული ნიშნით სეგრეგაცია, სადაც კაცები ძირითადად წარმოდგენილნი არიან მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინჟინერია და მშენებლობა. ამ სფეროებში ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული. კვლევის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, როგორც FAO-ს, ისე პოლიტიკის შემქმნელების, პროგრამის და პროექტის განმახორციელებლებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სექტორში ჩართული სხვა მხარეებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის.

გენდერის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და საკუთარი პროექტების ფარგლებში ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა – CENN, RDFG და CARE, ასევე USAID-მა.

შეხვედრას უძღვებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი ხატია წილოსანი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ ENPARD-ის მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, კრისტინა კასელამ კი მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების და შედეგების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic და სხვ.

Related posts

აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის მიზნით, ჩხოროწყუში 1256 ფერომინი განთავსდება

რედაქტორი

ჰოლანდიური ჯიშის ნესვი სოფელ ცაიშში ადგილობრივ ფერმერს მოჰყავს [ვიდეო]

რედაქტორი

რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენებას მთავრობა 100 %-ით დააფინანსებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი