STV
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი – რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია – ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს

რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, დიანა ტრაპაიძემ ბიზნესმენების საკითხზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ბიზნესმენები მასთან „საქმეების გასარჩევად მიდიან“.

„პროკურატურა იქცა კონკრეტული ტელევიზიის და ტელევიზიების საპირწონედ, სადაც ჩანაწერების გამოქვეყნებით არის დაკავებული და არა საქმის კეთებით. გაჩნდნენ დაუსჯელი პერსონები. მაგალითად ფარცხალაძის პერსონა“, – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა დიანა ტრაპაიძეს სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რისთვის უნდა დასჯილიყო ფარცხალაძე, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „არსებობს ამისთვის კონკრეტული საქმეები“.

„პრემიერების მიმართ აღქმა არის ნაკლებად სერიოზული. პირადად მე მაქვს განცდა, რომ ისინი ამ ქვეყანაში არ არიან მთავარი პირები და ხვალ თქვენ რომელიმე გადაწყვეტილება რომ არ მოგეწონოთ ბახტაძის, კარისკენ მიუთითოთ, ზუსტად ისევე გავა იმ კარიდან, როგორც შემოიყვანეთ. არის თუ არა ეს ყველაფერი სერიოზული პრობლემა დღეს“, – მიმართა ტრაპაიძემ ბიძინა ივანიშვილს.

ტრაპაიძე დაინტერესდა ზაზა ოქუაშვილის კონტექსტში, თუ რატომ ეგულება ბიზნესმენს ადამიანი, რომელიც მოაგვარებს საქმეს, რომელსაც ოფიციალურ სტატუსი არ აქვს.

„გავრცელებულ ფალსიფიცირებულ ჩანაწერში არსად არ ჩანდა, რომ საქმის მოსაგვარებლად იყო მოსული ჩემთან. მე ბიზნესმენებს ვხვდები და ხშირად ვხვდები მათ. მას შევხვდი როგორც ბიზნესმენი ბიზნესმენს და ძალიან კარგ პროექტს ვგეგმავდით. ბიზნესმენთან შეხვედრა, ბიზნესმენის რანგში დანაშაულად აღიქმება? იცით მე რამდენ ბიზნესმენს ვხვდები? იმ საუბარშიც კი არსად ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემების მოგვარების სქემა. მე დაგაზუსტებინეთ კითხვა და აქცენტები, თუმცა ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო, გაუგებარია, ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის დანაშაული, გაუგებარია. არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს. რაც შეეხება იმას, რაც საზოგადოებას და თქვენც გაინტერესებთ, დაახლოებით ერთი თვეა დაიჭირა „რუსთავი 2“–მა ეს თემა და თქვენც ეხმარებით. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მე ჩაგეკითხეთ, რადგან თქვენ ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს. ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი არ აქვს. რაც შეეხება ბიზნესმენებს, მე ვცდილობ დავეხმარო მათ, რამეთუ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები ამ ქვეყანაში და არა ხელისუფლებამ. ადამიანებმა უნდა მოახერხონ და შესატყვისი ანაზღაურება უნდა მიიღონ. რაც შეეხება ბიზნესმენებს, ძალიან კარგია, რომ ისინი დადიან ჩემთან და ასეც გაგრძელდება. სწორედ ეს იყო ოქუაშვილის მოსვლის საფუძველი და ამ მიზეზით მოვიდა თავიდანვე ყიფიანი ჩემთან, რომ თამბაქოზე ჰქონდათ პრობლემები. როცა შევჯერდით, რომ მე დავაფინანსებდი ამას, თამბაქოს წარმოებაში ყიფიანსაც ექნებოდა წილი. 10 მლნ იქნებოდა პროექტის ღირებულება. ყველაზე დიდ რისკს ამ პროექტში იღებდა თანაინვესტირების ფონდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Related posts

გიორგი შენგელია: „მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი”

რედაქტორი

ზურაბიშვილი Euronews-ზე: – ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე

რედაქტორი

პრეზიდენტის მდუმარე მხარდაჭერა საქართველოს პატრიარქს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი