STV
ახალი ამბები

სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ლაშა გოგიას ადვიკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ არ იქნას გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.

“ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების მხარის მოთხოვნა იქნება პატიმრობა, რაც დაუსაბუთებლად მიგვაჩნია. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ არ იქნას გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ის პირველადი მტკიცებულებები, რომლითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირებს ჩადენილი აქვთ დანაშაული. ასევე შესაძლებელია, რომ დაცვის მხარემ დააყენოს შუამდგომლობა და სასამართლოს გირაოს შეფარდებაც მოსთხოვოს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ჩათვლის, რომ გამოყენებული იქნას გირაო, დაცვის მხარე მზად არის აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება,”- განაცხადა მერაბ მამულაძემ.

რაც შეეხება ზუგდიდის ყოფილ ვიცე-მერს, გია გულორდავას, წარდგენილ ბრალში დამნაშავედ თავს არც ის მიიჩნევს. როგორც მისმა ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, ბრალდების მხარეს არ გააჩნია ის მტკიცებულებები, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.

„საქმის მასალებს სრულად გავეცანით და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, არის მხოლოდ და მხოლოდ ზურაბ კვირკვიას პროვოკაციული საუბარი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. შესაბამისად, ბრალდების მხარე აცდენილია სამართლებრივ მსჯელობას. ჩვენ დღეს გვექნება პოზიცია, რომ არ იქნეს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება,”- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

სასამართლო სხდომას წარუძღვება მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

Related posts

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრი ხვალ 6 რეგიონის ახალ რწმუნებულს წარადგენს

რედაქტორი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ მოიხსენიებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი