„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილების მიხედვით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს ორი ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა მიეცეს.
ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს.
2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.
ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძევებულ ქართველთა მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი.