STV
ახალი ამბები

ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე 2015 წელს წამების ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდელი გიორგი სამუშიაც იმყოფება

ადამიანის წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფება. სამუშია მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პასუხისგებაში 2015 წლის დეკემბერში მისცა.

უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2012 წლის 28 ივლისს, ქ.ზუგდიდში, გიორგი სამუშიამ, ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს, იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ მანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.

„მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე – დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე – გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი – რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა წამება, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში, კერძოდ, მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა ე.კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას ელბერდ კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მთელი ამ დროის განმავლობაში ე.კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა არცერთი სახელმწიფო ორგანო გატაცებული ელბერდ კობერიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა.

2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით. 2012 წლის 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობის შემდეგ ე.კობერიძე გადაიყვანეს თბილისში და დატოვეს ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე. სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ე.კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი რჩებოდა” – აცხადებს პროკურატურა.

Related posts

მაია კალანდია ზურაბიშვილს: “თქვენ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხართ”

რედაქტორი

ზაზა ხასაია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

რედაქტორი

ზუგდიდში, მარკეტ “იალჩინის” თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი