STV
სხვა ამბები

პირველი “ქართული გაზეთი” 1819 წელს გამოიცა – ქართული მედია 200 წლისაა!

იდეა პირველი ქართული გაზეთის დაარსებისა 1818 წელს დაიბადა, 1819 წლის იანვარში კი ამ საქმის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა დაბეჭდეს და გაავრცელეს განცხადება (გამოცხადება) ყოველკვირეული ქართული გაზეთის გამოცემის შესახებ.

განცხადებაში ჩამოყალიბებულია გაზეთის გამოცემის მიზანდასახულობა, პირველი ნომრის გამოცემის თარიღი, გაზეთის ენა, ფასი, გამოცემის ხანგრძლივობა, პერიოდულობა და მოცულობა, ხელისმომწერთა რაოდენობა და პირობები. გაზეთის გამოცემის ინიციატორთა მიზნებზე მიუთითებს გამოცხადების ასეთი მონაკვეთიც:

განათლების მხრივ ეს მხარე როგორმე უნდა დავუახლოვოთ ისეთ ქვეყნებს, რომლებშიც ადრიდანვე განვითარდა განათლება და ყოველწლიურად იბეჭდება ასეულობით პერიოდული გამოცემა.

“საქართველოს გაზეთის” ერთ-ერთი პირველი მკვლევარი ევგენი ვეიდენბაუმი (1845-1918) აღნიშნავდა: თბილისში გაზეთის დაარსების ფაქტში ასახულია მთავარმართებელ ერმოლოვის შორსმჭვრეტელური ხედვა იმ მიზნებისა და ამოცანებისა, რუსულ ხელისუფლებას რომ უნდა განეხორციელებინა ახალშემოერთებულ მხარეშიო.

საქართველოს შეყვანა საერთო-საიმპერიო ინფორმაციულ სივრცეში, იმ საინფორმაციო-იდეოლოგიერი პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური რეჟიმის დამკვიდრებასა და განმტკიცებას, საქართველოს შერწყმა-ასიმილაციას რუსეთის იმპერიასთან.

მით უმეტეს, პირველი ქართული გაზეთის გამოცემის სათავეში იდგა საქართველოს მთავარმართებელი და კავკასიის ცალკე კორპუსის მთავარსარდალი, ინფანტერიის გენერალი ალექსი ერმოლოვი (1777-1861), რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სისასტიკითა და ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციის უკიდურესი ძალადობრივი მეთოდებით გამოირჩეოდა. ბუნებრივია, საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ასეთი ზიზღითა და სიძულვილით გაჟღენთილი მთავარმართებელი ისეთ გაზეთს არ დააარსებდა, რომელშიც ქართველთა ეროვნული ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული.

ა. ერმოლოვმა გაზეთის გამოცემის უშუალო ხელმძღვანელობა დააკისრა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორს (სხვათა შორის, თავის ნათესავს) გენერალ-მაიორ რომან ხოვენს, რომელმაც, თავის მხრივ, ენერგიული მიმოწერა გააჩაღა ხელქვეითებთან გორში, თელავში, სიღნაღში, დუშეთში…  მიუხედავად მმართველობისა და თავადაზნაურობის წინამძღოლთა ერთობლივი მოწადინებისა, ხელმოწერების საჭირო რაოდენობა (500 კაცი) მაინც ვერ შეგროვდა და ამის გამო გაზეთი წინასწარ გამოცხადებულ დროს (1 მარ.ტს) ვერ გამოვიდა.

საჭირო რაოდენობამდე ხელის მომწერთა გაზრდას დიდად შეუწყო ხელი სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის არქიეპისკოპოსმა, თბილისში სომხური სასულიერო სემინარიის დამაარსებელმა, შემდგომში (1843 წლიდან) სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა ნერსესმა (1770-1857), რომელმაც სომეხ სამღვდელოებაში სახელდახელოდDასზე მეტი ხელის მომწერი იშოვა და ამით გამომცემლებს საქმე გაუიოლა. ასე იყო თუ ისე, 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა პირველი ქართული პერიოდული გამოცემა “საქართველოს გაზეთი”. იგი თაბახის ფურცლის ზომისაა და შეიცავს 4 გვერდს გაზეთი იბეჭდებოდა სამხედრო კორპუსის შტაბში, სადაც გამართული იყო თბილისში იმ დროს არსებული ერთადერთი ქართული სტამბა.

იქვე მუშაობდა გაზეთის რედაქციაც.  `საქართველოს გაზეთი~ გამოდიოდა პარასკეობით, რაც იმ გარემოებით იყო გამოწვეული, რომ რუსეთიდან ფოსტა (მათ შორის, რუსული პრესა) ჩამოდიოდა პარასკეობით და პარასკეობითვე ნაწილდებოდა საქართველოს რეგიონებში.გაზეთი თავიდან დგებოდა რუსულ ენაზე რაც, პირველ რიგში საცენზურო პირობებით იყო გამოწვეული, ხოლო შემდეგ ეს მასალა ითარგმნებოდა ქართულად. უნდა ვივარაუდოთ, ქართულად შედგენილი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი ცნობები იბეჭდებოდა დედნის მიხედვით, თუმცა, მისი რუსულად თარგმნა და ხელმძღვანელობისათვის შესამოწმებლად წარდგენა მაინც აუცილებელი იქნებოდა.

1820 წლის შუახანებისათვის გაზეთს შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა “ქართული გაზეთი”. მნიშვნელოვნად დაიხვეწა გაზეთის ენა და სხვ. ზემოაღნიშნული ცვლილებები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რედაქციაში მივიდა ახალი, უფრო გამოცდილი და დაოსტატებული, მთარგმნელ-თანამშრომელი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები გაზეთის იდეოლოგიასა და მიმართულებაში არ შეინიშნება.    რედაქციის თანამშრომელთა და მთარგმნელთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

“საქართველოს გაზეთი” ცდილობდა, მკითხველისათვის ჩაენერგა იმის შეგნება, რომ საქართველოს დედაქალაქი ამჟამად პეტერბურგია, სადაც მეფობს ქართველთა ახალი მეფე-პატრონი.  სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ ქართველი მკითხველისათვის საერთაშორისო ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მიწოდება თავისდათავად პოზიტიური მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან საუკუნეების მანძილზე საქართველო მომწყვდეული იყო კულტურულ იზოლაციაში.

გაზეთის ფურცლებზე ხშირად ქვეყნდება ცნობები რუსეთის სასარგებლოდ მებრძოლი ჩრდილოკავკასიელების დაჯილდოება-დაწინაურების შესახებ, რასაც, ბუნებრივია, “წამახალისებელი” ფუნქცია აკისრია.

“საქართველოს გაზეთში” შეხვდებით ცნობებს იმდროინდელი თბილისის ცხოვრებაზე და ეს მასალა დიდად საინტერესოა თბილისის ისტორიის შესასწავლად. ცალკეულ პუბლიკაციებში გვხვდება გამონათქვამები თუ მსჯელობანი როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების განვითარებისათვის ევროპული განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

იბეჭდება ინფორმაცია თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელთან დაკავშირებულ საკითხებზე… გაზეთის ხელმძღვანელობის ამგვარი თავგამოდება აიხსნება რუსეთის მიზანს, რომ ახალდაპყრობილ ქვეყნებში უნდა გამოეზარდათ მომავალი სამოქალაქო-ადმინისტრაციული მოხელეები.გაზეთში საერთოდ არ ასახულა ქართული ლიტერატურა.

1822 წლის მარტისათვის თბილისში მხოლოდ და მხოლოდ 19 ხელმოწერა შეგროვდა და ამის შემდეგ ხელისუფლებამ, დარწმუნდა რა ამ საქმის სრულ უპერსპექტივობაში, შეწყვიტა გაზეთის განახლებაზე ფიქრი.   ასე რომ, ვიმეორებთ, პირველი ქართული გაზეთი საზოგადოების გულგრილობამ და, აქედან გამომდინარე, ხელის მომწერთა სიმცირემ შეიწირა.

რუსული მმართველობის მიზნები, შეემზადებინა ნიადაგი ორი ერის წეს-ჩვეულებების შერწყმისათვის უშედეგოდ დამთვარდა.პირველი ქართული გაზეთის დანიშნულებისა და მნიშვნელობის შეფასებისას უპირველესად ის უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, იგი არსებითად საქართველოში ახალდამკვიდრებული რუსული რეჟიმის ინტერესებს გამოხატავდა, მაგრამ იმავდროულად მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ჟურნალისტიკას და, ამდენად, ისტორიული თვალსაზრისით “საქართველოს გაზეთი” საგანგებო მნიშვნელობის მოვლენად უნდა ჩაითვალოს არა მარტო ქართული პრესის, არამედ ზოგადად ახალი ქართული კულტურის ისტორიაში.

“საქართველოს გაზეთმა” საფუძველი ჩაუყარა კავკასიურ პრესასაც, რამდენადაც მანამდე კავკასიაში არც ერთი გაზეთი თუ ჟურნალი არ გამოცემულა. გაზეთის უდავო ღირსება და დამსახურებაა აგრეთვე მისი ევროპული ორიენტაცია და პიროვნებისა თუ საზოგადოების განვითარებაში განათლების პრიორიტეტული მნიშვნელობის აღიარება.

Related posts

მირანდა მესხი: “ენმ-ს ბრალდებები  საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრეტიდაციაა”

რედაქტორი

ტრეფიკინგის მაგალითი “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში

რედაქტორი

დავით ცინცაძე – უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით, როდესაც სცენაზე დავდექით

რედაქტორი

დატოვე კომენტარი