STV
კულტურა

დავით ცინცაძე – განცდა იყო ისეთი, როგორიც უნდა ჰქონოდა ევროპელ ქართველს

STV.GE-მ ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელთან, დავით ცინცაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ახალგაზრდა მუსიკოსმა ახალი ამბების სააგენტოსთან ფოლკლორული ანსამბლზე ისაუბრა. დავით ცინცაძემ ახალი ამბების სააგენტოს სამომავლო გეგმებიც გააცნო.

 

– როდის დაარსდა ანსამბლი „შავნაბადა“ და როგორი იყო ანსამბლის შექმნის პრეისტორია?

-ანსამბლი “შავნაბადა დაარსდა 2005 წელს. სულ 4-5 კაცით დავიწყეთ ანსამბლის შექმნა, რომლებიც იყვნენ ანსამბლ “მართვეს” წევრები. შემდეგ შემოგვემატნენ ბავშვთა ანსამბლ “ბიჭების” მომღერლებიც. ასე შეიქმნა ანსამბლი “შავნაბადა”.

ანსამბლის შექმნის ძირითადი აზრი იყო ის, რომ ჩვენ ყველა ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ბავშვთა ანსამბლებში ერთად ვმღეროდით, ვმეგობრობდით ერთმანეთთან. როცა ჩვენ ვმღეროდით ანსამბლში და ჩვენი მშობლები გარეთ იდგნენ და ერთმანეთს ეცნობოდნენ და ოჯახებით გვქონდა ურთიერთობა ემსახურებოდა იმას, რომ არ დაკარგულიყო ის სიყვარული, რომელიც მოდიოდა ბავშვობიდან.

გამოვიდა ისე, რომ მე მინდოდა გამეკეთებინა ანსამბლი და პირველი ვისაც ამ ანსამბლში დავუძახებდი, იქნებოდა ის მეგობრები ვისაც ვიცნობდი. მაშინ ვიყავი 18 წლის. შევიკრიბეთ ჩემთან სახლში და დავიწყეთ სიმღერების გარჩევა. მაშინ გვეგონა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ამ ყველაფერს ბოლომდე შევყოლოდით და შევყევით კიდევაც და ასეთი ფორმა მიიღო ანსამბლმა, რომელსაც “შავნაბადა” ჰქვია და  ხალხი იცნობს.

ვერ გეტყვით რომ თავიდანვე მიზანიმართული სვლა იყო ანსამბლი შეგვექმნა. ჩვენ გვინდოდა რომ ერთად გვემღერა, გვინდოდა, რომ ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულით გავერთიანებულიყავით თუმცა ყმაწვილობაში ჩვენც გაგვიჩნდა ახალგაზრდული ამბიცია ჩამოგვეყალიბებინა ანსამბლი და ის ყოფილიყო კარგი. ამიტომაც არ დავნებდით  და დავიწყეთ ის საქმე, რომელსაც დღემდე მივყვებით.

-„შავნაბადა“ სახელმწიფო ანსამბლი გახდა და სრული შემადგენლობით შეუერთდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “აფხაზეთს”. თუ შეიძლება ამის შესახებაც გვიამბეთ.

-დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს სტატუსი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ ეს მხოლოდ სტატუსია და არანაირი სხვა დაფინანსება მას არ ახლავს, გარდა კონკრეტული პროექტების შეთავაზებისა. აფაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან მეგობრული ურთიერთობა უფრო გვაქვს, ვიდრე ოფიციალური, სახელმწიფოებრივ დონეზე. შეიძლება ითქვეს, რომ დგას ფინანსური პრობლემები ჩვენ შორის და არა პირადი პრობლემები, თუმცა ვფიქრობ რომ ესეც მოგვარებადია. მთავარია ჩვენ ჯანსარად ვხედავდეთ ერთმანეთს.

არ გამოვიყენებდი ამ სიტყვას, რომ შევუერთდით. პირიქით, ჩვენ ჩვენთვის ვართ უბრალოდ სტატუსი მივიღეთ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის, რომელიც სახელმწიფო პასუხისმგებლობის განცდაა არა მხოლოდ აფხაზეთთან, არამედ მთელ საქართველოსთან.

-,,შავნაბადამ“ რამდენიმე აუდიოდისკი და 5-ნაწილიანი საგალობლების შემსწავლელი დისკიც გამოსცა. იყიდება თუ არა ეს ჩანაწერები თუნდაც ევროპაში?

-დღეისთვის გვაქვს 10 აუდიო ალბომი, თუმცა ახლა, კვირას ჩვენ დავასრულეთ მეთერთმეტე აუდიო ალბომიც, რომელიც გულისხმობს სააღდგომო საგალობლების ციკლს. “შავნაბადას” აქვს გამოცემული ხალხური სიმღერების აუდიო ალბომი და ასევე ტრადიციული საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი კომპაქტ დისკი, რომელიც გახლავთ წირვის, მწუხრის, ცისკრის, მღვდლად კურთხევის, ნათლობის, ქორწინების და ახლა უკვე სააღდგომო ლიტურგიის ძირითადი საგალობლები.

შავნაბადას 10 ალბომიდან 7 მომზადებულია საქართველოს პირველი არხის ბაზაზე, ასევე აღნუშნული ახალი გამოცემაც.

თუ გვინდა, რომ პოპულარიზაციის საქმე გავაკეთოთ გალობის ან ხალხური სიმღერის თვალსაზრისით, საზოგადოებას რომელიც დაინტერესებულია ქართული გალობით, მათ უნდა ჰქონდეთ ამაზე წვდომა მარტივად. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაიწეროს საგალობლები სამ ხმადაც, დაშლილი ხმებითაც, მას ახლდეს ნოტები და ტექსტები. მინდა გითხრათ, რომ ეს უწმინდესის კურთხევა იყო. როცა მან ნახა პროექტი თქვა, რომ დაამატეთ ნოტებიც და ტექსტებიც, რომ უფრო გაუმარტივდეს ხალხს შესწავლაო. ცხადია, ჩვენც ასე გავაკეთეთ. უნდა იტქვას იცის, რომ დღეს არაერთ უნივერსიტეტში გამოიყენება აღნიშნული გამოცემა და ერთ-ერთი მტავარი წიგნია გალობის შესასწავლად. ყველაზე დიდი რამ, რაც კი შეუქმნია “შავნაბადას”, სწორედ ეს პროექტია, ქართული გალობის თვითშემსწავლელი ალბომის სახით.

აქვე მოგახსენებთ ჩვენს მეათე ალბომზე, სადაც შევიდა ასი ქართული ხალხური სიმღერა. ამ ალბომში შესულია ყველა ის სიმღერა, რომელიც ჩვენ შევასრულეთ სხვა და სხვა ქვეყნების დიდ სცენებზე.

რაც შეეხება აუდიო ალბომების ხელმიწაწვდომობას, გეტყვით რომ საგალობლების კომპაქტ დისკები არასდროს არ გაყიდულა, რადგან ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უფასო. როცა გვაქვს ტირაჟირების საშუალება ვდილობთ, რომ ბევრი გამოვცეთ და უფასოდ დავარიგოთ ან განვათავსოთ ეს ყველაფერი ინტერნეტში.

რაც შეეხება ხალხურ სიმღერას, ეს არის აიტუნსი, ამაზონი და მსოფლიოს 50 ყველაზე ცნობილი ინტერნეტ საიტი, რომელიც მსოფლიოში დომინანტია მუსიკალური თვალსაზრისით. სწორედ აქ დევს “შავნაბადას” ალბომი აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სახელით, რომელიც ერთის მხრივ პოლიტიკასაც ატარებს, კულტურისთვისაც მნიშვნელოვანია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საავტორო უფლებით შეიძინოს ონლაინ ვერსია.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტად “შავნაბადას” სიმღერებს კანადის რადიო ატრიალებს, რომელიც ჩვენთვის კომერციული ინტერესების მატარებელია. ცხადია ეს მიზერია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი.

-„შავნაბადამ” ევროპის საბჭოს სასახლეში დემოკრატიის VI მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა. როგორი შეგრძნება იყო ეს ანსამბლის წევრებისთვის და თქვენთვის, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელისთვის?

-2010 წელს ჩავაბარე თბილისის პოლიტიკურ სკოლაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ კი ჩავაბარე ამ სკოლაში მაშინათვე ვთქვი, რომ მე მინდა ამ სკოლაში მოვიტანო ჩემი, რამე ჩემეული შევმატო და ეს ჩემეული იყო სწორედ ქართული ხალხური სიმღერა.

ჩავთვალე, რომ დათო ცინცაძე პოლიტიკური სკოლისთვის იქნებოდა საინტერესო, ვინაიდან მე ვიყავი და ვარ ამ კულტურის მატარებელი. ასე აღმოვჩნი 2009-2010 წელს თბილისის პოლიტიკურ სკოლაში, რომელიც გახდა ხიდი ანსამბლ “შავნაბადასა” და სტრასბურგის ევროპის საბჭოს დარბაზს შორის. ეს იყო ის ცნობილი გამოსვლა, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მოხდა და შედგა არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით. ეს ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. გულწრფელად გეტყვით, იმდენად ვინერვიულე რომ, ნორმალურად ვერც აღვიქვი ეს მოვლენა. თუმცა როცა დამთავდრა ეს ყველაფერი, მერე გავიაზრეთ თუ რა დაგვემართა და რისი მონაწილე გავხდით.

როგორც ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი წევრი გაგა აბაშიძე ამბობს და საკმაოდ სწორად:

ის ,რაც ზურაბ ჟვანიამ თქვა ამავე დარბაზში “მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი” ანსამბლმა “შავნაბადამ”ამით გახსნა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ხორცი შეასხა ამ სიტყვებს. “შავნაბადას გამოსვლა ევროპის საბჭოს დარბაზში იყო ნომინალურად გამორჩეული. ეს იყო თბილისის პოლიტიკური სკოლის გამოსვლა “შავნაბადას” მუსიკით.  განცდა კი იყო ისეთი, როგორიც უნდა ჰქონოდა ევროპელ ქართველს. მეც და ანსამბლმაც იამაყა თავისი წინაპრებით და კულტურით.

ამ ყველაფერს მოჰყვა ჰელენ კლარკის წერილი, სტრასბურგიდან არაჩვეულებრივი რეცენზიები დაერთო და ითქვა რომ იქ გადაღებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში ნახვებით გადააჭარბა ყველა იმ ვიდეორგოლს, რომელიც ოდესმე დადებულა ევროსაბჭოს პარლამენტის გვერდზე. ამის ოფიციალური წერილიც გვაქვს ჩვენ.

-მართავს თუ არა ხშირად ანსამბლი კონცერტებს საქართველოს მასშტაბით?

-დიახ, საქართველოში ვმართავთ არაერთ კონცერტს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყველას შეუძლია იყოს მომღერალი, თუმცა არა მწერალი, არა ქორეოგრაფი. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საქართველოში ხალხური სიმღერის კონცერტი და მითუმეტეს თუ გინდა რომ შეგაქონ, ეს ხომ საერთოდ რთულია. ბოლო პერიოდში ქართველებს გვიჭირს ერთმანეთის შექება და ერთმანეთზე სიკეთის თქმა. ჩვენ შეგვიძლია იგნორი. იგნორს კი კრიტიკა ჯობია, თუმცა ასეთები ვართ და ალბათ ეს ჩვენი ეთნიკური ხასიათია, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. ბევრი საგალობელი და სიმრერა ამ ხასიათს გამოასწორებს და დროც სხვანაირად დადგება.

საქართველოში კონცერტები ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა უნდა ითქვას რომ ბევრი კონცერტები გვაქვს. გულშემატკივარიც გვყავს იმდენი, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს მათ გვერდით. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა.

-ცნობილია, რომ ოთო ნემსაძესთან ერტად თქვენ თელ-ავივში „ევროვიზიის“ დიდ სცენაზე წარსდგებით. იყო თუ არა ეს თქვენთვის დიდი გამოწვევა და რა იმედებს ამყარებთ წლევანდელ კონკურსზე?

-“ევროვიზიაზე” ანსამბლი “შავნაბადა” ოთო ნემსაძის გვერდით დადგება და ოთო ნემსაძემდე “შავნაბადა” ყოველთვის დაუდგება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს. ის, რომ ჩვენ “ევროვიზიაზე” ოთოსთან ერთად მივდივართ პირველი არხის დამსახურებაა, რადგან უკვე 10 წელია “შავნაბადა” საქართველოს პირველი არხის ბაზაზე მუშაობს და ეს ერთოჯახობა გახდა ამის განმსაზღვრელი.

მენტალურად მნიშვნელოვანია “შავნაბადასთვის”, რომ ყოველთვის ვიდგეთ ჩვენი ხალხის გვერდით. ამდენად მგონია, რომ “შავნაბადას” ევროვიზიაზე გამოჩენა უპირველესად არის ჩვენი ქვეყნის ატივობის, ჩვენი ქვეყნის პრობლემის თქმის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. ჩვენ ვამბობთ იმას, მხარს უჭერთ იმას, რასაც ოთო ნემსაძე ამბობს ამ სიმღერით. ჩვენი ერთ-ერთი ხმის რეჟისორი, რომა გიორგაძე, რომელიც არის ავტორი ამ სიმღერის და ჩვენი დიდი მეგობარი, მის გვერდით ვდგავართ. ასეც შეიძლება ითქვას, რომ რომა დადგა ჩვენს გვერდით და ბევრი ადამიანის სათქმელი შექმნა, რომელსაც ოთო ნემსაძე “შავნაბადასთან” ერთად იტყვის.

ანსამბლისთვის არ არის აპრიორი მნიშვნელოვანი გამარჯვების საკითხი. ძალიან გაგვიხარდება ყველას, ისევე როგორც ნებისმიერ ქართველს საქართველოს და ქართველის გამარჯვება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ევროპას ვუთხრათ ჩვენი სათქმელი. და ეს  რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა ვუთხრათ.

-უახლოეს მომავალში, გარდა „ევროვიზიისა“ იგეგმება თუ არა რაიმე სიახლეები ანსამბლში?

-ანსამბლი “შავნაბადა” გეგმავს კონცერტს დანიაში, კოპენჰაგენში. კოპენჰაგენში ყველაზე დიდ ტაძარში, რასაც დედოფლის ტაძარს ეძახიან . გარდა ამისა, ალბათ მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქის წირვაში 6 მაისს. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა დიდი მოლოდინია. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა. ვაპირებთ ქართველებთან სოჭში ჩავატაროთ კონცერტი. ეს იქნება ჩვენთვის ძალიან სენსიტიური, რომ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი სოჭში მცხოვრებ ქართველებთან გამართავს კონცერტს.

Related posts

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეები დაიწყო

რედაქტორი

,,სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, ცნობილ ხელოვანებთან ლექცია-შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

პრემიერა სენაკში – მუნიციპალიტეტმა ,,მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი