STV
სხვა ამბები

თედო რეხვიაშვილი – მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს „ადამიანი“ და იარსებოს

-ვინ არის თედო რეხვიაშვილი. რა გზა გამოიარე, როგორ მოხვედი დღევანდელ დღემდე?

-არ ვიცი ვინ ვარ, შევეცდები ნაკლებად ფილოსოფიური და კონკრეტული ვიყო ჩემივე ბუნებიდან გამომდინარე. ორი სიტყვით გეტყვით იმ განცდაზე, რომელიც მებადება ხოლმე, როცა საკუთარ თავს ვეკითხები თუ ვინ ვარ და მიჩნდება გრძნობა არაფრისა, ალბათ ესაა ნულის ტოლფასის აბსურდული განცდა იმ სახელის და გვარის, შემოსაზრვრული და კონკრეტული დეფინიციების მიღმა, რომელსაც ადამიანები დაბადების წამებიდან ლოდად ვადებთ ერთმანეთს და ისიც თუ გაგვიმართლა, მთელ სიცოცხლეს ვანდომებთ ამ გამოგონილი და ბურუსისეული ტერმინ-განსაზღვრებების, კულტურისეული ბორკილების მოშორებას.

არც მხატვარი ვარ და არც კოსმონავტს დავარქმევდი ჩემს თავს თუ შატლის ეკიპაჟის წევრი ვიქნებოდი, რადგან ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, თუ რა არის ჩემი ადგილი ამ სამყაროში. ეს ტრაგედია აღარაა ჩემთვის, ვინაიდან პროცესით ვსაზრდოობ, მსიამოვნებს მუდმივი ეჭვისა და კითხვების ქვეშ კვლევა ყველაფრისა, საკუთარი გულიდან, სულიდან, გონებიდან დაწყებული და გარე სამყაროსი, ქვიშის ნაწილაკით დამთავრებული.

მეკითხებით ვინ ვარ?!  ქედმოხრით გიპასუხებთ ერიხ ფრომის სიტყვებით „რაც ვარ ეს ვარ“ ან „ვარ ის, რასაც ვაკეთებ“..     ჩემი გზა, თუ შეიძლება ამას გზა ვუწოდოთ, შედგება ბევრი ნათელი და ბევრიც მძიმე მომენტისგან.   დედაჩემის მადლობელი ვარ ყველაზე მეტად ამ ქვეყნად, პიროვნებისა, რომელმაც მიუხედავად საბჭოთა სივრცის ნაშიერობისა, მოახერხა და საკუთარი თავი შეინარჩუნა. მუდმივი ბრძოლითა და სიმამაცით გვასწავლა შვილებს, რას ნიშნავს თავისუფლება, სიყვარული, მდგრადობა, სიმამაცე, ბრძოლა. არ ვიცი რა დონეზე ვისწავლეთ ყველაფერი ეს, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ვერასდროს ვიქნები ის ხვალ, ვინც ვარ დღეს, არ იქნება ჩემი ხვალინდელი დღე ისეთი, როგორიც დღესაა, არ შემიძლია არ მოვშალო ყველაფერი კომფორტული, რომელიც, მავიწყებს იმას რომ ჭაობი თბილია, მყუდროა, მაგრამ მთის ცივ მდინარეში ფხიზლად ყოფნას და სიცხადეს არაფერი შეედრება.

ჩემი ამბავი ადიგენის რაონის სოფელ მოხიდან იწყება, შემდეგ ქალაქი ახალციხე, შემდეგ ხანგრძლივი გაჭირვების პერიოდებით სავსე ოცდაოთხი წელი თბილისში თავდაუზოგავ სწავლასა და შრომაში. დღეს ჩემი ოჯახის, ქართველი ხალხის და ჩემი ძალისხმევით აქ ვარ, ნიუ-იორკში, ვსწავლობ ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურაზე უმაღლესი გრანტით. აქ მოსახვედრად მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდი მქონდა შემოქმედებითად და ფსიქოლოგიურად, ვინაიდან რთულია აღმოჩნდე სრულიად უცხო სივრცეში იმ სოციალური და მენტალური ჩაკეტილობის შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ერის ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემად რჩება.

წარმატებით ჩავაბარე და მოვხვდი საუკეთესოთა ათეულში. თუმცა მცირე დანაზოგის გარდა არაფერი მქონდა, რომ სწავლის დარჩენილი საფასური და ცხოვრების ხარჯები დამეფარა. სახელმწიფო დაწესებულებებიდან რომ უარი მივიღე, მრჩებოდა ერთი თვე. ასე გადავწყვიტე სოციალური ქსელი და ტელემედია გამომეყენებინა იმისთვის, რათა არ დამეთმო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი პროცესი. ვთხოვე საქართველოს მოქალაქეებს, რომ სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში გაეწიათ ფინანსური დახმარება. გაჩნდა კითხვები, თუ რატომ ჩავაბარე იქ სადაც ძვირი იყო სწავლა.  პასუხი, კი ისაა, რომ შევარჩიე ჩემი უნარების შესაბამისი  სასწავლებელი შესაძლებლობების ქვეყანაში და მქონდა სახელმწიფოს იმედი. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი ამბავი მალევე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები, რომელზეც დიდი თავდადებით იმუშავეს გალერეა „ვანდამ“, ქართველმა ხელოვანებმა, ჩემმა მეგობრებმა, ჩემი სამხატვრო სტუდიის მოსწავლეებმა, ამას დაემატა ჩემი გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული სოლიდური თანხა ( ნამუშევრები შეიძინეს ცნობილმა კოლექციონერებმაც სხვადასხვა ქვეყნებიდან) და “თი ბი სი” ბანკისგან გაღებული მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი.

არ შემიძლია არ გავიხსენო ნიკა რურუა, რომელმაც გულით მომისმინა, და ეს ადამიანი აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი, რომლებმაც დაიჯერეს, რომ თუ არ დავნებდებოდი, ყველაფერი გამოვიდოდა. ის რომ არა, ჩემი ამბავი ბევრის ყურამდე ვერ მიაღწევდა. იყო უამრავი უძილო ღამე, დიდი მორალური და ფიზიკური თანადგომა ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების მიერ. და ჩვენ შევძელით… ასე დამემატა ახალი სასიამოვნო ვალი და გამიძლიერდა  პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე.

-რა არის შენთვის მხატვრობა, უბრალოდ პროფესია თუ მთელი შენი ცხოვრება, რომელსაც ასახავ შენს შემოქმედებაში?

-მეუხერხულება ვთქვა ასე პიროვნულად ჩემთვის რა არის მხატვრობა და ზოგაგად ხელოვნება, როცა არსებობს ფიროსმანი, ვან გოგი, პოლოკი, როტკო, მაგრამ ვიტყვი რომ ის ჰგავს სუნთქვას, როგორც ჩვენს ინსტიქტს, რომლის გარეშეც ფიზიკურად არ შეგვიზლია არსებობა, ალბათ ხელოვნებაა თავგადასავალია, მუდმივი ძიება, უსაზღვრო კოსმოსი, სადაც ხელოვნური წესი და კანონი არ არსებობს, ხოლო მაბალანსირებელი ღმერთი კი მასში  მშვენიერებაა.  მარტივად რომ ვთქვა, მწამს, რომ ადამიანი, რომელსაც ნახატი, ან მუსიკა, ფილმი ან პიესა შეძრავს უფრო მშვენიერი გახდება, ვიდრე ის იყო ამ ვიბრაციებამდე.   არც ის ვიცი ხელოვნება რას ვუწოდეთ, ყველაფრისგან შეიძლება ადამიანი გახდეს“ადამიანი“ და შეიყვაროს.

-ინსპირაციას რა თემებისგან იღებ?

-ყველაფრისგან, რაც კი ჩვენ გარშემო არსებობს. ჩვენი ხედვა თვითონაა ინსპირაციის წყარო, რომელსაც ყველაფერში გავლა და ყველაფრის არეკვლა შეუძლია. მთავარია რომ ბრმები არ ვიყოთ და თვალები ავიხილოთ.

-შენ სწავლობ ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ვიცი ამ მხრივ გაქვს საკმაოდ დიდი პრობლემები დაფინანსებასთან დაკავშირებით. რა ხდება ამ კუთხით შენს ცხოვრებაში და რას აპირებ მომავალში?

-ჯერჯერობით პრობლემებია, მომავალი კურსის დაფინანსებისთვის გაგზავნილი მაქვს საბუთები თბილისში, განათლების საერთაშორისო ცენტრში. პასუხებს ველოდები, თუმცა აქაც აღმოჩნდნენ უანგარო და არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ რითიც შეეძლოთ. ძნელია ასეთი ყოფა, მაგრამ დროებითია. განვლილმა ერთმა წელმა ბევრი რამ დამანახა და მაპოვნინა. მაპოვნინა ის, რომ ადამიანში არის ერთი რაღაც უნიკალური, რაც გეხმარება აღმოაჩინო სიწმინდე სხვებში და უკეთურობა საკუთარ თავში, ან სულაც მიხვდე რომ ზღვარი საკუთარსა და სხვას შორის არ არსებობს. ჩვენ ჩვენც ვართ და ყველაც, ეს ერთი დიდი სიყვარული შეიძლება იყოს თუ მივეცით თავს ამის უფლება.

-მხატვრობის პარალელურად შენ წერ…წერ, თან საკმაოდ კარგადაც…

-ვერ გეტყვით როგორ ვწერ, უფრო ვაგროვებ ჩემს განცდებს, შეხედულებებს, ამბებს, სხვების ამბებს. ეს იმხელა სიხარულია, შეგეძლოს დაინახო და შემდეგ გინდოდეს გადმოიტანო დროსთან შესაბამისობაში. საკვებს გავს, რომელიც გჭირდება.

-როგორ უნდა გადარჩე? რას ეტყოდი ადამიანს ვინც მსგავსი ამოცანების წინაშე დგას დღეს?

-გადარჩენის რეცეპტს ვერ გეტყვით კონკრეტულად, ის კი მჯერა რომ თუ ძალიან გვეყვარება რაღაც, თუ ვიბრძოლებთ ამისთვის და ამით უფრო მეტად შევიყვარებთ, მაშინ გავიმარჯვებთ. ერთია, რომ დიდი ძალისხმევის, ოფლის და გონებრივი შრომის გარეშე არაფერი გამოვა ხარისხიანი.

-ალბათ დიდი გამოცდილება მოგცა ამერიკამ, თუნდაც ამ მცირე ხნის მანძილზე. ვიცი რომ გქონდა საკმაოდ წარმატებული გამოფენაც. მოგვიყევი ამ ყველაფერზე.

-გამოცდილება ნამდვილად დიდია. გამოფენებს რაც შეეხება, ახლახანს ჩაიარა ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანმა ჯგუფურმა გამოფენამ „Tribeca Ball”, რომელიც ნიუ-იორკში მოეწყო. ივენთმა მომცა ახალი ურთიერთობები მნიშვნელოვან პირებთან, ვინც სხვადასხვა გზით კავშირშია ვიზუალურ ხელოვნებასთან.  სტუმრებს შორის იყვნენ საინტერესო ხელოვანები, ხელოვნებათმცოდნეები, კოლექციონერები და კრიტიკოსები, ასევე ბევრი ცნობილი სახე და ჰოლივუდის მსახიობი, მათ შორის ბრუკ შილდსი, ნაომი უოთსი, ლივ შრეიბერი.

ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის უკან გარკვეულწილად შეიძლება იმალებოდეს კარგად შეფუთული სისტემურობა, რომელიც პიროვნებას არწმუნებს მის ინდივიდუალიზმში, შერსაძლებლობებსა და გამორჩეულობაში, ვთვლი რომ ამერიკა და კონკრეტულად ნიუ-იორკი განსაკუთრებული სივრცეა, რომელიც გამოცდილებად ნამდვილად ღირს და ის საკმაოდ დახვეწილად იძლევა საშუალებას, ისწავლო, იშრომო, აკეთო, აჩვენო, განვითარდე, თუ თავი და ძალა გეყოფა არარაც გახდე, „გაშიშვლდე“, ბევრჯერ „გარდაიცვალო“ და ამოიფრქვე ვარვარებად.

-აბსტრაქციაში გადაყვანილი, ვნების მოტივებზე შექმნილი ნახატები შენი შემოქმედების კიდევ ერთი ხაზია?

-არ დავარქმევდი რაიმე კონკრეტულს. უბრალოდ მივყვები სიღრმისეულ ტალღას, გადავდივარ სადღაც უცნობში და თუ რამეს ჩავავლე, გადმომაქვს. არ ვცნობ მიმდინარეობებს,  ხაზის, ლაქის, ფერის, კომპოზიციის კრიტერიუმებს, დიდი დრო და ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ ის მოვიშორო, რითიც ცნობიერება და გონება მაქვს დაბეგვილი ბევრი რამის გამო, რაც ექსპერიმენტში და სულის მოძრაობის არეკვლაში ხელს მიშლის. სასწავლებელს გარკვეული ხაზი აქვს ფიგურატიული ხელოვნებისა. ესეც ერთგვარი დროებითი პროცესია ჩემთვის, დაგროვებული გამოცდილებისა და მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მინდა სულ სხვა მასალებში მოვსინჯო თავი, მანამდე, კი სასურათე სიბრტყეს და საღებავს ვუძღვნი ჩემს თავს. ვცდილობ არ გავცვალო  თავისუფლება რაიმე წესებზე, თუნდაც ხელოვნებაში, თავისუფლება, რომელსაც საკუთარი „სინდისი“ მკარნახობს.

-ახლა რა თემაზე მუშაობ, თუ აპირებთ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და ქართველების შენი ნამუშევრებით განებივრებას?

-არაფერი მაქვს არჩეული კონკრეტულად. ყოველ წამს შეიძლება დავიწყო იმის გადმოტანა რაც წინა მოტივს არ ჰგავს. საქართველოში ვგეგმავ ჩამოსვლას, იმედია მოვახერხებ გარკვეული რაოდენობის ნამუშევრების წარდგენას.

-რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. როგორია შენი ყოვედღიურობა და როგორია მხატვარი და მწერალი თედო რეხვიაშვილის ყოველდღიურობა?

-ვცდილობ რეჟიმით ვიცხოვრო, ვცდილობ ჯანსაღად ვიცხოვრო, დილით და ღამით სახლიდან სასწავლებლამდე და პირიქით, მგზავრობისთვის საჭირო ერთ საათს მუსიკის მოსმენას, კითხვას ან წერას ვუთმობ, შუალედში სასწავლებელში სრული ინტენსივობით ვმუშაობ, ხშირად მიწევს სახლში დავალებაზე მუშაობაც, თუმცა ვცდილობ ძილის რეჟიმი არ დავირღვიო. გარკვეულ დღეებში, შეძლებისდაგვარად ვსტუმრობ მუზეუმებსა და გალერეებს, ბიბლიოთეკას, კინოთეატრს.

-რას ნიშნავს შენთვის თანამედროვე ტენდენციები და რას შეცვლიდი ამ ტენდენციებში?

-ზოგადი კითხვაა, ზოგადად თანამედროვე ტენდენციის პირველ უპირატესობად ადამიანის აზროვნების, შემოქმედებითობისა და თვითგამოხატვის თავისუფლება მიმაჩნია. თუმცა ვთვლი, რომ გარკვეული ბალანსის დაცვაა საჭირო ყველაფერში, რომ ზოგჯერ ახირება სურვილად არ მოგვეჩვენოს, ხოლო გულის ჭეშმარიტ, ჯანსაღ წადილზე რაიმეს შიშით უარი არ ვთქვათ. უკიდურესობები არ მიყვარს ხოლო, შუალედში ყოფნას, თანაც დიდი ენერგიითა და მოძრაობით, ისე, რომ არაფერს მიენარცხო და დაიღუპო, დიდი და დაუსრულებელი შრომა სჭირდება.

-რას ფიქრობ, რითი გამოირჩევი სხვა მხატვრებისგან?

-არ ვიცი, გამორჩეულობა განსაკუტრებულობას ნიშნავს, შესაბამისად, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ ოდესღაც მოვკვდი და რაიმეს სიზუსტე იქ დავასრულე. იმის მერე მუდმივად განახლება ხდება ჩემი პიროვნების, ვეძებ სინათლეს, ვცხოვრობ ძირითადად დაკარგული, დიდი ცნობიერი ტკივილით, რომელიც განწირულის გმინვას ჰგავს, გამონათებული სიხარულები კი საცალფეხო ბილიკზე სიარულის გვირგვინს ჰგავს…

-რას ფიქრობ ინტერნეტის შესაძლებლობებზე, თვითრეალიზებისთვის რამდენად იყენებ?

-ინტერნეტი არნახულად დიდი შესაძლებლობა და საფეხურია კაცობრიობის ისტორიაში, ინტერნეტმა შეცვალა მსოფლიო, როგორც ყველაფერს, მასაც სწორი გამოყენება და ფუნქციონირება სჭირდება. თუმცა ერთს ვიტყვი, როცა ვფიქრობ ადამიანის მიღწევებზე, თუ რა უკიდეგანო შესაძლებლობები გამოავლინა ადამიანის ცნობიერებამ, მით მეტად მტკივა გული სასწორის მეორე მხარეზე, სადაც დაპყრობილი ტერიტორიები, ჩაგრული ერები, მშიერი მოხუცები და ბავშვები, დახოცილი ცხოველები, დაბინძურებული დედამიწაა.  ჩვენი სამყარო ყოველთვის იყო კონტრასტული, მაგრამ არასდროს ისე, როგორც დღეს, პარადოქსულად უცნაურია ერთდროულად არსებობდეს შემოქმედების ზენიტი – ხელოვნური ინტელექტი და დაავადებით, შიმშილით მომაკვდავი უდანაშაულო ბავშვი . აქ დავასრულებ ამ თემას, რადგან ამ ბრობლემების მიზეზებზე და ძაფებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება.

-როგორი დამოკიდებულება გაქვს შეფასებასთან, კრიტიკასთან?

-ვთვლი რომ ნორმალური. ნებისმიერი სახის კრიტიკამ შეიძლება რაღაც საინტერესო და ახალი აღმოგაჩენინოს.

-რა მიმართულების მხატვარია თედო რეხვიაშვილი, თედო რეხვიაშვილის განსაზღვრებით, ემთხვევა ის სახელოვნებო კრიტიკოსების დეფინიციებს?

-არ ვიცი. და არ ვთვლი, რომ რამე უნდა ვიცოდე ამაზე დაზუსტებით. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს „ადამიანი“ და იარსებოს.

-თედო რეხვიაშვილის ყველაზე დიდი ოცნება ან თუნდაც, სამომავლო გეგმა რა არის? რისკენ ისწრაფვი?

-ჩემი სამომავლო გეგმაა შემოქმედებითი მიღწევების პარალელურად, ვიბრძოლო იმისთის რომ უკეთესი გახდეს ქართული საზოგადოება, რომელიც უკვე ორი საუკუნეა დაჩაგრეს, დააჩლუნგეს, გამოფიტეს და დაანაწევრეს. მინდა აღვიდგინოთ ის ზნეობა და გონიერება, რაც ჩემი ღრმა რწმენით ოდესღაც გვქონდა ქართველებს.  მთელი არსებით ვეცდები, მცირე წვლილი მაინც შევიტანო იმაში, რომ მომავალ თაობებს  ის პრობლემები აღარ ჰქონდეთ რაც მინიმუმ ჩემსას ჰქონდა და აქვს.

ჩემი ოცნებაა რომ ჩემი სოფლის თავზე  „პირველი თრიალის“ ტბის ნაპირას ვიჯდე ერთხელაც, ვუყურებდე ნაწვიმარ, ნისლიან ტბას და ვიცოდე რომ, დრო არ დავკარგე, ვიცოდე რომ მავთულხლართები აღარ არსებობს არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან. მინდა ვიცოდე, რომ სოფლებში და ქალაქებში ადამიანებს არ უჭირთ, არ სძულთ, შემოქმედებითად ავრცობენ საკუთარ არსებობას. სხვის უფლებებს, სურვილებს და თავისუფლებას კი პატივს ცემენ, სიამოვნებით შრომობენ, წიგნს კითხულობენ, მუსიკას უსმენენ, ფილმს უყურებენ, ხანდახან ერთადაც იკრიბებიან…

Related posts

პოპვარსკვლავი მადონა ევროვიზიის კონკურსზე 18 მაისს გამოჩნდება

რედაქტორი

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

რედაქტორი

დიზაინერი დების ბრენდი ‘’T&N Darchia’’ – ნამუშევრებს უნიკალური ტექნლოგიით ქმნის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი