STV
კულტურა

დავით ცინცაძე – ადამიანისთვის ყველაზე დიდი პატივისცემა ნდობაა

სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ პროექტს “რანინას” ყველაზე დიდი გამოხმაურება მას შემდეგ მოჰყვა, რაც ფოლკლორულ ტურში აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” ჩაერთო. აღნიშნულ ტურს, ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად “შავნაბადას” ხელმძღვანელი დავით ცინცაძე მენტორობდა.

ფოლკლორული ტურის მაღალ დონესა და ხარისხზე კონკურენტი ტელევიზიის წარმომადგენლებიც გამოხატავდნენ საკუთარ აზრს ღიად და საჯაროდ. ტელეკომპანია იმედის ცნობილი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მერე რა, რომ სხვა ტელევიზიაში ვმუშაობ.
მერე რა, რომ ამ პროექტის ფოლკლორულ ტურში ის ხალხი ჩაერთო, ვისაც მე ძალიან ვაფასებ.
ეს ის შემათხვევაა, როცა არც მეგობრების შექება მერიდება და არც კონკურენტი ტელევიზიის აღიარება მაბრკოლებს.

ფაქტი ერთია – ამ არაჩვეულებრივი პროექტის ფოლკლორულმა ტურმა ისეთი ხარისხი და დონე დადო, რომ მის ფონზე სხვა აქამდე არსებული და მომავალში ჩასატარებელი ყველა მუსიკალური კონკურსი ორღობედ გადააქცია.

დიდი შანსია სხვა არხებმა და გადაცემებმაც მიბაძონ და ასეთი კონკურსი გაიმეორონ (გვჩვევია ქართველებს),

მაგრამ ფაქტი ერთია – ეს იყო პირველი პრეცედენტი, პირველი და უნაკლო.
ასე, ამ ხარისხით, ამ ჟანრში ამ თაობაში არავის უმღერია.

ბავშვების ასაკზე სპეციალურად არ ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ეს არა ბავშვური, არამედ სრულყოფილი შესრულება იყო”-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე.

STV “შავნაბადას” ხელმძღვანელს და ფოლკლორული ტურის მენტორს დავით ცინცაძეს დაუკავშირდა და გახმაურებულ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა:

-როგორი იყო ბავშვებთან მუშაობა და ხართ თუ არა თავად თქვენ კმაყოფილი იმ შედეგით რაც რეალურად დაიდო?

-ცხადია მათთან მუშაობა იყო ძალიან საინტერესო. ჩემთვის ეს იყო ახალი გამოწვევა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ამ ყველაფერს. ძალიან ვისიამოვნე, რადგან თვითონ “რანინას” თანამშრომლები ძალიან კომფორტულები არიან და თან მეც წლებია პირველი არხის თანამშრომელი ვარ, ათ წელზე მეტია. აქედან გამომდინარე იყო მშობლიური გარემოც, რაც ძალიან მახარებდა. სწორედ ამ სიხარულით აღმოვჩნდი პირველ რეპეტიციაზე.

Shavnabada

📣 დღეს, არ გამოტოვოთ 🕗 20:00-ზე 📺 პირველი არხის ეთერში 📍 ქართული ხალხური მუსიკის ტური ✊ "შავნაბადასთან" ერთად ყველაზე გამორჩეულ კონკურსში 💥 რანინა • Ranina❗🎹#რანინა#შავნაბადა#პირველიარხი

Gepostet von Shavnabada • შავნაბადა am Freitag, 5. April 2019

შევედი, მოვუსმინე ბავშვებს, მოვუსმინე უმრავლესობას ინგლისური სიმღერებით და ნაკლებად ქართული სიმღერებით. მათი მოსმენისთანავე გადავწყვიტე თუ ვითვის რა სიმღერა მიმეცა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ვიცოდი, ვის რა უნდა ემღერა.  მხოლოდ ორ კონკურსანტს შევუცვალე სიმღერა, სხვას რაც პირველ ნახევარ საათში შევურჩიე იგივე დარჩათ.

რაც შეეხება  თვითონ მუშაობის პროცესს, თითქმის არც გამჭირვებია, რადგან ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. ათი ბავშვიდან მხოლოდ ორს ჰქონდა ხალხური სიმღერის გამოცდილება. დანარჩენისთვის ქართული სიტყვების თქმაც, არტიკულირება მუსიკის ქმნადობის დროსაც კი ძალიან უჭირდათ.  თუ ტექსტი იყო ქართული მარცვლებისგან, დიფთონგებს წარმოადგენს და არის ქართული თავისი არტიკულაციით, მუსიკასთან ერტად ეს დიფთონგებუ უკვე ისმოდა როგორც ინგლისური და არა როგორც ქართული აქცენტი და მახვილები.

გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკოსები ჰყავთ, მათ სჭირდებათ ქართულად მღერა.  მოკლედ ძალიან კარგი ბავშვები არიან. ვიმუშავე თითოეულ მათგანთან, თითქმის ყოველდღიურად. ვმუშაობდი ინდივიდუალურად, მე ვემღერებოდი პირადად ყველას და ბოლოს დაახლოებით 5 შეხვედრა ჰქონდათ ანსამბლთან. “შავნაბადას” ბიჭების სახეები მახსოვს, გაოგნებულები უყურებდნენ ბავშვებს, იმდენად კარგი მუსიკოსები არიან და ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლიტური სიზუსტით და სწორად ირჩევენ ბავშვებს “რანინაში”.

“რანინას” ბავშვებთან თვენახევრის პერიოდში გავატარე იმაზე დიდი დრო, ვიდრე მე სახლში გავატარე ჩემს შვილებთან. იყო ხოლმე ზარები ჩემთან, რომ ჩემი ახლობელია, ამის შვილია, იმის შვილია, მაგრამ მე ამზე მეცინებოდა, რადგან ეს ბავშვები სანამ ვინმეს ახლობლები იყვნენ, ყველაზე მეტად ჩემები იყვნენ. ამ განცდაზე წინ მე ვერასდროს ვერცერთის სატელეფონო ზარს ვერ დავაყენებდი.

გარდა მუსიკისა, სამოსი, რომელიც ამ კონკრეტულ ტურში ეცვათ ბავშვებს, ნაწილობრივ ჩემი არჩეულია. მინდოდა რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო და ამის უფლება კონკურსის დამაარსებლებმა და პროდიუსერებმაც მომცეს. ასე ვთქვათ, ბოლომდე მამუშავეს ბავშვებთან თავისუფლად. ყველაზე დიდი პატივისცემაა როცა გენდობიან და ასე სრუალად მენდო “რანინას” თავი და თავი ლანა ქუთათელაძე.

-ალბათ თქვენთვის “რანინას” ყველა მონაწილე ძვირფასია, მაგრამ მაინც, რომელი იყო განსაკუთრებული?

-რომ გითხრათ, რომ გამოვარჩევდი რომელიმეს ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველასთან მქონდა შემოქმედებითი პროცესი. სიმართლე გითხრა არც ერთი ბავშვი არ იყო დამღლელი. მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა ეს პროექტი, ჩვენ დღემდე გვაქ მიმოწერა საკმაოდ თბილი, მოკითხვა ასევე თბილი და ვფიქრობ რომ “რანინას” შემდეგაც ვიმეგობრებთ და ერთმანეთის კარგ მეგობრებად დავრჩებით ბოლომდე. ძალიან საყვარლები არიან, რამდენიმე ძალიან წააგავდა ჩემს შვილებს, რამდენიმეც მეგობრის შვილებს და მოკლედ, ძალიან მიჭირს რომელიმეს გამორჩევა. ყველა ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, ვერც სიმღერით გამოვარჩევ რომელიმეს, რადგან ყველას აქვს თავისებური ქარიზმა.  ვერ იტყვი, რომ რომელიმე ისეთია, “აი ეს ფარავს ყველაფერსო”.

იმაზეც ვფიქრობ, რომ “შიშ ნანი” ან “ანაგურელო” და “ხასანბეგურა” სხვისთვის მიმეცა, ისინიც ანალოგიურად დაძლევდნენ და კარგად შეასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია რომელიმეს გამორჩევა. აქვე მიდა ისიც გითხრათ, რომ “რანინაში” შესრულებულ სიმღერებს პროექტის პროდიუსერებთან შეთანხმებით ალბათ “შავნაბადას” მომდევნო ალბომში აუცილებლად შევიტან.

-და ბოლოს, რა იქნება “შავნაბადა”-ს შემდეგი ნაბიჯი. რა პროექტები გაქვთ კიდევ დაგეგმილი და რას უნდა ელოდეს ანსამბლისგან თქვენი გულშემატკივრები?

-დიახ, რამდენიმე პროექტი გვაქვს ანსამბლს, თუმცა უახლოესს ვიტყვი. ყველაზე ახლოს რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის სააღდგომო ციკლი. როგორც მოგეხსენებათ, ანსამბლი “შავნაბადა” ქართული საგალობლების შემსწავლელ გამოცემას უკვე წლებია აკეთებს. გამოვეცით წირვის, მწუხრის, ცისკრის, მღვდლად კურთხევის, ნათლობის, ჯვრისწერის საგალობლები და ეს არის სათითაო ხმაში დაშლილი, ნოტები მალხაზ ექვანიძის მიერ რედაქტირებული. გამოცემაუწმინდესის ლოცვა-კურთევით არის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ჩაიწერა.

მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ეს გამოცემა დევს არაერთი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში და სწორედ ამ გამოცემით ხელმძღვანელობენ. ამჯერად დავასრულეთ აღდგომა. აღდგომის ციკლის პასექის წირვა რასაც ეძახიან, პასექის ჟამნობის დროს შესასრულებელი სააღდგომო ძილისპირები. ეს არის ჩაწერილი სათითაო ხმაზე და გადატანილია ნოტებზე. ნახევარზე მეტი საქმე ალბომში გადასატანად უკვე მზადაა. ალბომის გამოცემის შემდეგ ეს მთელ საქართველოში უფასოდ გავრცელდება, რათა ხალხმა უფრო დახვეწოს, განავითაროს და პოპულარიზაცია გაუწიოს და ტაძრებში აღდგეს ქართული გალობა.

“შავნაბადას” არსებობა მხოლოდ ამ პროექტის გამო ღირდა სხვა რომ არაფერი. “შავნაბადამ” გამოსცა ქართული გალობის სასწავლებელი, რომლის მეშვეობითაც დღეს უამრავ ტაძარში აღსდგა საგალობელი. უნდა აღვნიშნო, რომ პროექტს მხარში უდგას აფხაზეთის განატლებისა და კულტურის სამინისტროც და შესაბამისად ალბომი უფასოდ გავრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზეც, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზეთში მოქმედ ქართულ ეკლესიებში ქართული გალობა უნდა ისმოდეს.

აღდგომის ციკლის დასრულების შემდეგ დავიწყებთ შობის ციკლის საგალობლების ჩაწერას. ეს არის ის ძირითადი, რასაც უახლოეს პერიოდში რასაც გავაკეთებთ. კიდევ არის სამომავლოდ ბევრი პროექტები, თუმცა ამჯერად ამაზე შევჩერდები და სამომავლოდ სხვა პროექტებზეც ვისაუბროთ.

Related posts

,,სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, ცნობილ ხელოვანებთან ლექცია-შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

რედაქტორი

“ჩელას” იუბილე და მოცეკვავე ძმების ვარსკვლავის გახსნა ზუგდიდში [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი