STV
ჟურნალისტი

პაპუნა შუშანია – “word-ის ფაილები”

იყო ასეთი რიტუალი – თუ ხელისგულზე მოგექავებოდა, ვიღაც ფულს აუცილებლად მოგცემდა. მოქავებამდე ხელის გული თავზე უნდა გადაგესვა შეძახილით “თუმაშმაფსკა”, რაც ნიშნავდა იმას, რომ იმ სისქის ფულის შეკვრას მოგცემდნენ, რა სისქეც თმებს ჰქონდა. ეს რიტუალი ბავშვობიდან მოყოლებული ობსესიად მექცა. ახლაც ასეა, ამ ჩვევით შეპყრობილი ვარ და სადაც არ უნდა ვიყო, მის უგულებელყოფას ვერსად ვახერხებ. სხვა აკვიატებაც და ჩვევებიც, რომელიც შესაძლოა ზოგჯერ ღიმილს მგვრიდეს, მაგრამ მაინც ვერ გადავაგდე – ბევრი მაქვს.

სახლიდან როცა გამოვდივარ, მუდმივად ტელევიზორს ვეძებ, რადგან მეხსიერებაში ფრაზა – “ფული ტელევიზორის თავზე დავდე და აიღე” ჩამრჩა. თუმცა, ახლა როცა ძველი სახლის მეშვიდე სართულზე მარტო ვცხოვრობ და არც ტელევიზორი მაქვს, მზერა მაინც გამირბის, გონება ეკრანს ეძებს – შემდეგ საკუთარ თავს ვუბრაზდები, ზოგჯერ მეღიმება და კარს მოვიხურავ, საკეტს გადავატრიალებ და დაბლა ვეშვები.

მერე მახსენდება რომ უთო ჩართული დამრჩა. არადა, რეალურად არც კი მიხმარია დილას – მაისური მაცვია და ჯინსის შარვალი. არც ერთი საჭიროებს გაუთოებას და არც მეორე. ჩამოყალიბებული შფოთის და ნერვიულობის გასანეიტრალებლად საკუთარ თავს ვაიძულებ ფაქტის გადამოწმებას – ბინაში ავდივარ, კარებს ვაღებ და უთო გამორთულია. გონებაში ზემოთნახსენები ფრაზა ცოცხლდება და ვეძებ ტელევიზორს და ა.შ, მერე ხელის გული მექავება და რიტუალს ვიმეორებ, მერე ჩამოვდივარ, ისევ უთო მახსენდება და დაბლა ვიყურები. დამსკდარ ასფალტებში იებს ვეძებ, დედის ჩაწვეთებულ ცრემლებზე ამოსულ ბღუჯა იებს, აქაც ბავშვობისას გონებაში დალექილი ემოციები მეძალება და სამოყვარულო კამერით გადაღებული სიყვარულის ისტორიისაც მჯერა.

წინ ქვის დიდი ლოდია. ფეხი წამოვკარი. გაუკვალავი გზაა თავისი ბნელი და საშიში მოსახვევებით. აი, აქ ვიჭედები – არც ფრაზები მახსენდება და არც რაიმე რიტუალი. ამ გზებზე სიარული ჩემთვის ბავშვობაში არავის უსწავლებია. იმიტომ კი არა რომ არ იცოდნენ, ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ ეგონათ ყველა ქვას თუ ფეხს წამოვკრავდი და რიგითი განსაცდელი ან გამოწვევა მატკენდა. ალბათ, სხვა გარემო წარმოედგინათ, სხვა მოცემულობა. შორეული წარსულიდან ასეთი მომავალი ხომ ძნელად წარმოსადგენია, ისევე როგორც ოქროს თევზების ქვირითობა ჩაგუბულ წყალში.

ტკივილმა გამიარა. ქვა განზე გავწიე და გზას გავუყევი. ამასობაში თევზებმაც იქვირითეს ჩაგუბულ წყალში. რეალობას მივეჩვიე. დაბრკოლება გადავლახე. ხელის გული ისევ მექავება, თავზე გადავისვი და “თუმაშმაფსკა” ჩავიბუტბუტე.

ისევ ქვის ლოდი, ფიქრი უთოზე, ასფალში ამოსულ იებზე, ბინძური ურთიერთობები – მარადიულია. ერთი და იგივე. ერთი მეორეს ცვლის, ისევე როგორც დღე – ღამეს. ……

Related posts

ჟურნალისტი მოქალაქე

dima

დატოვე კომენტარი