STV
სხვა ამბები

“მორიალე მოროსკუა….” – პაპუნა შუშანიას ბლოგი

“მორიალე მოროსკუა, ჩხორო დიდა, ჩხორო სკუა, ვართი დიდა, ვართი სკუა… ” ასე მილოცავს ხოლმე ბებიაჩემი როცა ძალიან დაღლილი ვარ. ჰგონია რომ მშველის, სწამს რომ ავ თვალს, გზას და ავ ქცევას მაცილებს. ნაოჭიან ხელებს თავზე გადამისვამვს, მარცხენა მკლავთან მიმიხუტებს და თავზე მკოცნის. გული რომ არ დაწყდეს, ბევრჯერნატკენი კიდევ ერთხელ რომ არ ეტკინოს ვეუბნები რომ დაღლამ გამიარა. მერე ამ ფრაზებს ვიკვიატებ და რამდენჯერმე ვიმეორებ – თუ რაღაც პრობლემა მაქვს და გამოწვევის წინაშე ვდგავარ. გაგიკვირდებათ და გამოსავალს ყოველთვის ვპოულობ. ეს სიტყვები ერთგვარი დამცავი მექანიზმია გარესამყაროსგან – აი ისეთი, როგორც ბავშვობაში თითების გადაჯვარედინება, ან ის კიდევ, , ხელისგულზე ნულებს რომ ვიხატავდით, მერე მუშტს ვკრავდით, აღარ გავხსნიდით რაც ნიშნავდა იმას, რომ მასწავლებელი აღარ გამოგვიძახებდა.

ყველას ხომ გვაქვს რაღაც მსგავსი მექანიზმები – ზოგს გიშერი აბნევია, ზოგს ქინძისთავი, ზოგიც ავი თვალს საჯდომზე სამჯერ ჩმეტით იცილებს.

საოცარი არსებაა ადამიანი მისი მოკლე მეხსიერებით. წინაზე მკერავმა შარვალი დამიგვიანა. დაბადების დღეზე უნდა ჩამეცვა. არადა სამი წელი ყველაფერს დროზე ადრე მიკერავდა. სამი წლის კარგი დამავიწყდა, ემოციამ მძლია და გავბრაზდი. მერე მეგობარს დასჭირდა მკერავი და მასთან მისვლა არ ვურჩიე. ვუთხარი ბოლოს მაწყენინათქო. ახლა ვზივარ და ვფიქრობ ბევრი კარგი რომ დავივიწყე, ბოდიში მაქვს მოსახდელი – მართლა ასეა. ერთ დაგვიანებას გადავაყოლე სამწლიანი ურთიერთობა.

დღეს კიდევ ჩემმა მეგობარმა ახსენა ერთი ადამიანი, მასთან გატარებული წლები დამილაგა, ერთად ბოდიალით დამტვერილი ფეხსაცმლები გამაწმენდინა და მიმახვედრა რომ ესე არ შეიძლება, აი ესე როგორც ახლა ვართ. ჩემი ცუდი საქციელი შემახსენა და მითხრა რომ კარგად მახსოვს, როგორ მაწყენინა, მაგრამ დავივიწყე ის, რომ მეც ვაწყენინე.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ ბევრი კარგი რომ დავივიწყე, ბოდიში მაქვს მოსახდელი – მართლა ასეა. ერთად გატარებულ წუთებს რომ გადავაბიჯე, არ უნდა მენქა – მისი შეცდომა ჩემი ქცევის გამართლება არ არის. დავიძაბე. ამბები ქრონოლოგიურად გავიხსენე, რა რის შემდეგ მოხდა, თანმდიმდევრულად შევეცადე გამეანალიზებინა ყველა ჩემი ცუდი ქცევა – აღმოჩნდა რომ რაღაც მახსოვს, რაღაც კარგად არ მახსოვს და რაღაც საერთოდ დამვიწყებია. ანუ გულმავიწყიც გავხდი.

ალბათ, ეს სიცუდეები მაშინ ჩავიდინე როცა ღამეს სახლში არ ვათენებდი და ბებიაჩემის ნაოჭიანი ხელების თავზე გადასმის მადლმა, მისი ჯანოსნური შელოცვით – ავ ქცევას არ ამარიდა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი ბოდიში მაქვს მოსახდელი, რამდენს ვეღარ მოვიხდი იმიტომ, რომ ის ადამიანები ცოცხლები აღარ არიან.

“მორიალე მოროსკუა, ჩხორო დიდა, ჩხორო სკუა, ვართი დიდა, ვართი სკუა… ”

 

პაპუნა შუშანია

Related posts

თედო რეხვიაშვილი – მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!

რედაქტორი

CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა

რედაქტორი

ექსპო თელ-ავივის სცენაზე “ევროვიზია 2019”-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს

რედაქტორი

1 კომენტარი

თამარი ივლისი 24, 2019 at 11:07 pm

აუ მართლაა ძაანნ მაგარიააა ❤️❤️

პასუხი

დატოვე კომენტარი