STV
კულტურა

სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

დღეს, სამხატვრო გალერეაში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა – სალოტბარო სკოლა შეემატა.

რიგით 23-ე სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანი 2001 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა გახლავთ.

სკოლის ლოტბარ-რეგენტი სენაკელი დიმიტრი კაკულიაა, რომელიც ტრადიციულ სიმღერა-გალობას სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და ფოთის სალოტბარო სკოლაში ასწავლის.

სალოტბარო სკოლა გახსნის საზეიმო ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, შესაბამისი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ამ გამორჩეული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, ლოტბარ-რეგენტმა დიმიტრი კაკულიამ.

,,კოლხურმა ტრიოს“ და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას მოსწავლეთა გუნდის მიერ შესრულდა უძველესი და პოპულარული ფოლკლორული ნიმუშები. ამიერიდან, ნოკო ხურციასა და რემა შელეგიას, ლეონტი ჩიხლაძის, ვახტანგ და ლონგინოზ მიმინოშვილების, პანტელეიმონ ბოჯგუას მშობლიურ ქალაქში სალოტბარო სკოლა იარსებებს, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს უფასოდ შეეძლება ქართული ტრადიციული სიმღერის და გალობის შესწავლა.

Related posts

“დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – სპექტაკლის პრემიერა სენაკში

რედაქტორი

მომღერალი ოთო ნემსაძე სამეგრელოში ახალ კლიპს იღებს

რედაქტორი

როგორ გამოიყურება რეაბილიტაციის შემდეგ თამრო გუჯეჯიანის ჰაგაამი ?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი