STV
კულტურა

პრემიერა სენაკში – მუნიციპალიტეტმა ,,მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა

დღეს, სენაკმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ყველა თაობისთვის ერთნაირად ძვირფასი სპექტაკლების – ნოდარ დუმბაძის ,,თეთრი ბაირაღებისა“ და ლაშა თაბუკაშვილის ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიას…“ პრემიერა გაიმართა.

რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის სპექტაკლში ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია…“ ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ახლობელი პერსონაჟების – კოკასა და ნინიკოს როლები ახლებულად და შთამბეჭდავად შეასრულეს ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობებმა, სენაკელმა გიორგი ჭანტურიამ და მარიამ პატაშურმა.

სპექტაკლმა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

კოკასა და ნინიკოს დამაფიქრებელი სიყვარულის ისტორია… ურთიერთობების სირთულე, გრძნობებში გაურკვევლობა, ახალგაზრდული სისუსტეები, შეცდომები და ტკივილი, რომელიც გზრდის და ნიღბიანს, საკუთარ თავთან გაბრუნებს, სინაზის, სიყვარულის უდიდეს მარაგს ისევ აღმოგაჩენინებს და სამყაროს გასაგონად გათქმევინებს, რომ გაუფრთხილდე და დაიცვა ის, ვინც შენთვის ყველაზე ძვირფასია…
და მაინც, გჯეროდეთ, რომ დარაბებს მიღმა ყოველთვის გაზაფხულია… მთავარია, დარაბა გამოაღოთ…

Related posts

ზუგდიდში მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი 16 ივლისს აიღებს სტარტს

რედაქტორი

ოთო ნემსაძე და ანსამბლი “შავნაბადა” თელ-ავივში დღეს გაემგზავრნენ

რედაქტორი

თბილისში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი „მრავალჟამიერი” გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი