ახალი ამბები რეგიონი

ახალი კანონპროექტის შესაბამისად მუნიციპალიტეტებს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებათ

„ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ“ კოდექსში მთავრობას ცვლილებები შეაქვს, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტ ფინანსურ რესურსს დაუტოვებს. კერძოდ, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მათსავე ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაციისა თუ გაიჯარების შედეგად ეტაპობრივად გაიზრდება.

დღეს ქონების გაყიდვიდან/იჯარიდან, თუ ლიზინგიდან მიღებული შემოსავლები ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტს შორის გარკვეული პროცენტით არის გადანაწილებული, წარმოდგენილი ცვლილებები კი მუნიციპალიტეტებისთვის მეტი ფინანსური რესურსის დატოვებას ითვალისწინებს. აქ საუბარია მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებებზე. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ჟურნალისტებთან განმარტავს, კანონი მუნიციპალიტეტებს დამატებით მობილიზებული თანხების განკარგვაზე შეზღუდვას არ დაუწესებს.

ცვლილებების მიხედვით, მაგალითად 2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 25 პროცენტული ერთეულით გაიზრდება ბიუჯეტებს შორის გადანაწილება და ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლის 90% დარჩება, ნაცვლად არსებული 65%-სა. ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვებიდან 10%-იანი მატება იქნება კვლავ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ და ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი არსებული 50%-ის ნაცვლად, 60% გახდება.

„სახელმწიფოს მიერ ქონების რეალიზაციის, იჯარის ან ნებისმიერი სახით გასხვისების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებში შემოსავლის მეტი პროცენტული გადანაწილება განხორციელდეს. აღნიშნული ამოქმედდება 2023 წლიდან. 2024 წელს დასრულდება აღნიშნული ცვლილებების პაკეტი და რეალურად 2024 წლიდან სრულად ამოქმედდება ის შემოთავაზებები, რომელიც ჩვენი მხრიდან არის გაკეთებული.

ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ქონება მუნიციპალიტეტებისთვის უნდა იქნას გადაცემული, ხოლო გარკვეული ქონება შეიძლება დარჩეს სახელმწიფოს საკუთრებაში და ამ დარჩენილი ქონების გადანაწილებაზეა საუბარი.

მუნიციპალიტეტებს შემოსავლები შეუძლიათ თვითონ განკარგონ დამოუკიდებლად. სად შეიძლება ეს გამოყენებულ იქნას? რაიმე ტიპის შეზღუდვა ამის არ არის, ეს არის მისი საკუთარი შემოსავალი.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რეალიზაციის შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შემოსავლის მხოლოდ 10% დარჩება ცენტრალურ ბიუჯეტში და 90% დარჩება მუნიციპალიტეტს, ეს საკმაოდ დიდი შემოსავალი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის“,-განმარტავს გიორგობიანი.

“ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ” კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტში კომიტეტები ახლა ეცნობიან, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმედოვნებს, რომ დოკუმენტის დამტკიცება მიმდინარე წელსვე მოხდება და როგორც პროექტშია გათვალისწინებული, ის 2023 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

„კანონპროექტი პარლამენტში ახლა შემოდის კომიტეტებში განსახილველად. როგორც დავასრულებთ პირველ საკომიტეტო განხილვებს, გამოიკვეთება როგორი მიმართულებით მივდივართ. იმედია მაქვს, შევძლებთ ამ კანონის წლის ბოლომდე მიღებას“-ამბობს მინისტრის მოადგილე.

წყარო: BM.ge

Related posts

ზუგდიდში დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში წარწერა “მე მიყვარს ზუგდიდი” დააზიანეს

რედაქტორი

ზუგდიდში 5 000 მაყურებელზე გათვლილი რაგბის სტადიონი აშენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი