რეგიონი

გახარიას პარტიიდან წასული ყოფილი კანდიდატი ოპოზიციას: პოლიტიკის ბინძური ხელებით ფათური, მინიმუმ, უზნეობაა

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ყოფილი წევრი და წალენჯიხაში ჭალე-ფახულანის მაჟორიტარი დეპუტატობის უკვე ყოფილი კანდიდიატი ლალი შამუგია, ყოფილი თანაპარტიელების და ოპოზიციის განცხადებას მის თითქოსდა დაშინებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პასუხობს და პოლიტიკურ პარტიებს სიბინძურის ტირაჟირებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ლალი შამუგიამ მაჟორიტარ დეპუტატობაზე უარი საკუთარი განცხადებით 8 სექტემბერს თქვა. მისმა ყოფილმა პარტიამ კი შამუგია ზეწოლის ობიექტად დაასახელა და თავად ყოფილი კანდიდატი კი მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს უპირისპირდება.

„ყველაზე სენსიტიურსა და ფასეულში, რომელიც, ღვთის ნებით, ჯერ კიდევ არსებობს ქართველებში, პოლიტიკის ბინძური ხელებით ფათური, მინიმუმ, უზნეობაა…

მე და ქალბატონ ლირა ღურწკაიას შორის წლებია,  იყო, არის და იქნება წმინდა მეგობრული ურთიერთობა (რომელსაც ყველაზე მაღალ ღირებულებად ვთვლი ადამიანში) და ღმერთმა ნუ ქნას, ბზარი გაჩნდეს შემდეგშიც, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და მიუხედავად მავანთა მცდელობისა.

ვიღაცის პოლიტიკური დივიდენდების გამო ვერ დავწამებ ადამიანს, მით უმეტეს, მეგობარს, ქალს იმ სიბილწეს, რაც არ უკადრებია. მისგან მხოლოდ პატივისცემა მახსენდება. სიცრუითა და ტყუილებით თავის დამკვიდრება საზოგადოებაში საშიშია . შოთას სიბრძნეზე გაზრდილს მწამს: ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

არც იმ გუნდს წარმოვადგენდი, რომელსაც ურთიერთმტრობით, სიძულვილით, ლანძღვა-გინებითა და ცილისწამებით სურს პოლიტიკაში მოსვლა…

იმ ოპოზიციურმა პარტიებმა კი (,,ეროვნულ-ნაციონალური მოძრაობა”, ,,ლელო საქართველოსთვის”),რომელთა მიმართ არანაირი პოლიტიკური სიმპათიები არ გამაჩნია, საკუთარი ქულების ჩაწერის მიზნით თავი დაანებეთ ჩემი სახელით სპეკულაციას. მე თქვენთვის ამის უფლება, ვფიქრობ, არ მიმიცია. თქვენ თქვენს კანდიდატებს და თავებს მიხედეთ!

თუ ჩვენ ადამიანური ურთიერთობები გავანადგურეთ, ერთმანეთის სულებთან მისასვლელი ხიდები დავწვით, რა აზრი აქვს ხელისუფლებაში ვინმეს მოსვლას?! ვაშენოთ ის, რაც წინაპრებისგან მოგვსდგამს, რასაც დიდი შოთა გვმოძღვრავდა: ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”…

ყველამ ერის, ქვეყნის სიყვარულითა და სიკეთით აკეთეთ თუნდაც ბინძური პოლიტიკური საქმე! ყველას თავისი გზით გაუმარჯოს!“ – წერს შამუგია სოციალურ ქსელში.

Related posts

ფოთში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

რედაქტორი

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

ზუგდიდის მერია წელს პირველად აკვათერაპიას დააფინანსებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი