რეგიონი

ერთი ზუგდიდი, ორი ესებუა… 1998 წლის 19 თებერვლი და 2020-ის 21 ოქტომბერი…

  • ერთი ზუგდიდი, ორი ესებუა… 1998 წლის 19 თებერვლის დილას ქალაქ ზუგდიდში სროლის ხმა გაისმა, ისროდნენ რამოდენიმე ავტომატიდან. (იმ დროს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ვმუშაობდი). ბავშვები აბაზანაში გამოვკეტე და პოლიციაში დავრეკე, არაფერი მითხრეს, მხოლოდ დამამშვიდეს. ცოტა ხანში სამეგრელოს მაშინდელმა მმართველმა ბატონმა ბონდო ჯიქიამ ზუგდუდის პოლიციის სამმართველოში დამიბარა ოპერატორთან ერთად.

მივედით, ბატონმა ბონდომ მითხრა, ტერორისტებმა ზუგდიდიდან გაეროს სამხედრო მეთვალყურეები გაიტაცეს, ჯიხაშკარში არიან მეგონა მარღიას სახლში, ჟურნალისტთან ითხოვენ შეხვედრას. შენ ობიექტურ ჟურნალისტად გთვლიან და თუ წახვალთო? ამ გადასახედიდან ამ შეთავაზებაზე ალბათ დავფიქრდებოდი… შემდეგ ჩავჯექით პოლიციის პიკაპში, მე, ოპერატორი, თემურ გაბუნია, ბესო იზორია და ჯიხაშკარისკენ გავემართეთ. პოლიცია ჯიხაშკარს აკონტროლებდა, ჩვენ მეგონა მარღიას სახლს მივუახლოვდით, ჭიშკართან რამოდენიმე ნიღბიანი იდგა, ჩვენ სახლის პირველ სართულზე შეგვიყვანეს, ოთახში მარჯვნივ ტახტი იდგა და იქ გაეროს სამხედრო მეთვალყურეები შეშინებულები ისხდნენ.

მე რომ დამინახეს, შვებით ამოისუნთქეს, მიცნეს, რადგან მე ყოველ ხუთშაბათს ოთხმხრივ შეხვედრებს ვესწრებოდი, ხან ზუგდიდში, ხანაც აფხაზეთში. ამ შეხვედრებს ისინიც ესწრებოდნენ. იმედი მიეცათ, რომ არაფერს დაუშავებდნენ, ოთახში შესული ყველას მივესალმე, ოთახი დავათვალიერე, ოთახის მარცხენა კედელზე მიყუდებული იყო უამრავი იარაღი, ოთახის ბოლოში იდგა მთელი სოფელი. მე ოპერატორს გადავხედე და კამერის ჩართვა ვთხოვე, ამ დროს მომიბრუნდა გოჩა ესებუა და მკაცრი ტონით მკითხა, შენ ხარ ის ობიექტური ჟურნალისტი? დიახ-თქო ვუპასუხე. ჰოდა თუ ობიექტური ჟურნალისტი ხარ გადაიღე თუ როგორ დავხოცავ ამ ბიჭებსო, წამში აიღო ავტომატი და მიაბჯინა ჩეხს…

კინაღამ გული გამიჩერდა, მალევე აზრზე მოვედი და მარცხენა მკლავზე ხელი წავავლე, საკმაოდ უცნაური ხმით(მერე მეც შემეშინდა ჩემი ხმის) ვუთხარი, მე სახლში ძუძუმწოვარა ბავშვი დავტოვე, მოვედი შენი თხოვნით, ესენი ჩემი ბიძაშვილები არ არიან და თუ დახოცავ, ჩემი დასამარხი არც ერთი არ იქნება და არც იმ კადრს არ გადავიღებთ-თქო. დაწყნარდი, დაჯექი და თქვი რაც გინდა, პირობას გაძლევ, შენს მოთხოვნას, ჩემი ტელევიზია გააჟღერებს საინფორმაციო გამოშვებებში.

ცოტა დამშვიდდა, თავი მოუყარა სათქმელს და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიმართა: სასწრაფოდ გაანთავისუფლეთ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ციხეში გყავთ გამომწყვდეული, შეხვდით ზვიად გამსახურდიას დევნილი მთავრობის წევრებს და გადაწყვიტეთ სხვადასხვა საკითხები… ეს მოკლე შინაარსია. იქვე შონიაც ჩავწერეთ, გადაღებას რომ მოვრჩით წამოსვლა გადავწყვიტეთ, მაშინ გოჩამ მითხრა, ეს კი გადაიღეთ, მაგრამ აქ შუქი არ არის და ჩვენ როგორ ვუყუროთო? მე ამაყად დავაძრე ჩემი მობილური “სონი ერიქსონი”, აქ არ იჭერს თორემ შუქი 5 წუთში ჩაირთვება-თქო.

გოჩამ იქვე სკამზე სატელიტის აპარატს ტილო გადააძრო და მითხრა ვისთან გინდა დარეკვაო, მე ვუთხარი იური გუგუჩიასთან-თქო. დავრეკე, ბატონ იურის ვთხოვე ჯიხაშკარში შუქი ჩაერთოთ, გაირკვა, რომ ჯიხაშკარში ქვესადგური დაზიანებული იყო და 5 წუთში შუქს ვერ ჩართავდა… მე ვუთხარი, მაშინ ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ, სანამ შუქი არ მოვა-თქო. ბატონმა იურიმ მაქსიმუმი გააკეთა და რამოდენიმე საათში შუქი მოვიდა… იმ დღიდან მეგონა მარღიას ოჯახს სტუმრები არ დაჰკლებია, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

მერე რაც მოხდა, მერე დავწერ… ჰო, რა მინდოდა მეთქვა და ჩემო ახალგაზრდა ჟურნალისტებო ექსკლუზივის გამო სხვის სიცოცხლეს ნუ შეუქმნით საფრთხეს…

დარეჯან კვარაცხელია

ჟურნალისტი

Related posts

პანდემიური სიტუაცია და რიგები ტექდათვალიერების სერვისებში

რედაქტორი

ჯუმბერ იზორიამ 9 აპრილის გმირის ლელა ვეფხვაძის სახლის შესაძენად შექმნილ ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩარიცხა

რედაქტორი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მერია 100 000 ლარით დააჯარიმა

დატოვე კომენტარი