ახალი ამბები

“ეტაპობრივად შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას”-გუბერნატორი ზუგდიდის სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თითოეულმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელდა, ხოლო ნაწილი გარკვეული მიზეზებით შეფერხდა. სოფლებში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშვო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა.

საუბარი ასევე შეეხო კოოპერატივების ბალანსზე არსებულ ძველ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნაგებობებსაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებია განთავსებული. სოფლის წარმომადგენლებმა ინერტული მასალის ადგილობრივად მოპოვების შესაძლებლობასაც გაუსვეს ხაზი, რაც მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს შეუძლიათ და მისი შეძენა მუნიციპალიტეტს გაძვირებული სახით უწევთ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ჩაშლილი ტენდერების თემაც, რის გამოც პროექტების განხორციელება წლობით ვერ ხერხდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, თითოეული პრობლემა გადაიჭრება ეტაპობრივად.

,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ღია საუბრებისათვის. ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე სოფელი, თუმცა, ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა პრიორიტეტულ საკითხებად დავყოფთ და ეტაპობრივად შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას“. – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

გუბერნატორი, რეგიონის მასშტაბით, შეხვედრებს ატარებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მოსახლეობასთან. შეხვედრების მიზანია რეგიონის პრობლემების იდენტიფიცირება, მათ გადასაჭრელად სამოქმედო გეგმის დასახვა და განხორციელება.

Related posts

თვითიზოლაციის დარღვევა – ფიზიკურ პირზე 3 000, ხოლო იურიდიულზე – 15 000 ლარი – ახალი კანონპროექტი

რედაქტორი

სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმი მოეწყობა

ქართული სიმღერა, ღვინო და კერძები – დანიის სამეფოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დატოვე კომენტარი