2019 წლის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამული ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია. წელს ამ პროცესს სოციალური და ჯანდაცვის სამსახური განსხვავებულ ფორმატში წარმართავს.
შეხვედრები მიმდინარეობს ფოკუს-ჯგუფებთან, რაც პრობლემების იდენტიფიცირებას და რესურსის მიზნობრივ განკარგვას უწყობს ხელს. დღეს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკაზე მუშაობენ.
შეხვედრაზე შშმ პირთათვის აქტუალური პრობლემური საკითხები განიხილეს. შეხვედრები ფოკუს-ჯგუფებთან მომავალშიც გაგრძელდება. შემდეგი შეხვედრა შშმ პირებთანაა ჩანიშნული. თემის ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირებისა და დახვეწის პროცესში სამსახურის პრიორიტეტს წარმოადგენს.