კულტურა

მებო ნუცუბიძემ რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ცოტა ხნის წინ მომღერალმა მებო ნუცუბიძემ საკუთარი ფეისბუქგვერდზე მიმოწერა გაავრცელა, რომელშიც მას რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას სთავაზობენ. მებოს შეტყობინების ავტორი ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში, სახელად Ну-ка, все вместе იწვევს.

“ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში”, — წერს მებო ნუცუბიძე.

“გამარჯობა. მე ზოია შპაკოვსკაია მქვია. ტელეარხ Россия 1-ზე მუსიკალური შოუ Ну-ка, все вместе-ის კასტინგ-მენეჯერი ვარ. გვინდა, ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება შემოგთავაზოთ. იქნებ, უფრო დეტალურად განვიხილოთ?” — ვკითხულობთ რუსულ ენაზე დაწერილ მესიჯში.

მებომ გადაწყვიტა, შოუს ორგანიზატორებისთვის ამჯერად წერილობით ეპასუხა. მან შოუს წარმომადგენელს მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი დეტალურად ინგლისურ ენაზე აუხსნა.

“გამარჯობა საქართველოდან. თუ არ იცით, გაცნობებთ, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყანაში გამოსვლა და სიმღერა, რომელსაც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოუკლავს და მათ დღესაც კლავს ან აპატიმრებს. დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული”, — ვკითხულობთ მებოს პასუხში.

მებომ ისიც აღნიშნა, რომ შოუს რამდენიმე ეპიზოდს უყურა. მისი თქმით, გადაცემაში ქართველების შესახებ უამრავი სტერეოტიპია, რაც მისთვის ასევე მიუღებელია.

“მე ჩემი ისტორიითა და კულტურით ამაყი ქართველი ვარ და არ მინდა, იმ გადაცემის ნაწილი ვიყო, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და მემკვიდრეობას ამცირებს. მადლობა და ნახვამდის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებამდე”, — ვკითხულობთ მიმოწერაში.

მებო ნუცუბიძის თქმით, წესით, მის უარყოფით პასუხს თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ და ასეთი შემოთავაზება არც უნდა მიეღო.

“რა მინდა იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ნათესავები სახლებიდან გამოყარა და რომლის აგრესიის გამოც უშუალოდ ჩემი ოჯახის წევრები დაიღუპნენ პოსტტრავმული შედეგებით? ან იმ ხალხთან რა მესაქმება, ამ ყველაფერზე რომ თვალს ხუჭავს და რაღაც აბსურდებს გაიძახის?
ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?” — წერს მებო.

Related posts

“ფერების ფესტივალი – 2020” სენაკში

რედაქტორი

ჯაზის საღამო მაია ბარათაშვილთან ერთად სენაკში

რედაქტორი

დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი