კულტურა

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, სენაკში, თოჯინურ სპექტაკლებს მიეძღვნა

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე, სენაკში, თოჯინურ სპექტაკლებს მიეძღვნა. სპექტაკლების დაწყებამდე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ, ტრადიციად ქცეულ ამ დღეს, განსაკუთრებული სიკეთითა და სითბოთი გამორჩეული, ნორჩი მაყურებლებისადმი მიძღვნილი დღე უწოდა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ამფითეატრი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლს – ,,ყველა თაგუნას უყვარს ყველი’’ დაეთმო.

საბავშვო სპექტაკლი, რომელიც გელა გელაძის რეჟისორობით არის დადგმული, სიკეთის, სიყვარულისა და ერთიანობის აუცილებლობის თემებს წევს წინ და რუხი და თეთრი თაგუნების შერიგებით, პატარების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. სენაკის ცენტრალურ სკვერში, გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ,,მარიტა’’, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მიერ იქნა წარმოდგენილი (რეჟისორი – ელენე მაცხონაშვილი).

სპექტაკლი თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზია. მარიტას და გედიას სიყვარულის ტრაგიკული ისტორია და მასთან დაპირისპირებული დოგმებით მოაზროვნე საზოგადოების მიერ გაუაზრებლად, უმოწყალოდ გათელვა იმისა, რაც სიცოცხლის არსი, ჭეშმარიტი და მშვენიერია, ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის, ერთნაირად ამაღელვებელი და სევდის მომგვრელია. თეატრალური ფესტივალის მეორე დღე დაასრულა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრემიერამ – ,,წარსული ჩემი პროლოგია’’.

სპექტაკლი, რომელიც დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ტრაგიკულ ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს, ელენე მაცხონაშვილის რეჟისორობით არის შექმნილი. პრემიერას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინელი ჭანკვეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები.

ექვსი მსახიობის მიერ, ჩანაწერების, პირადი დღიურების, მოგონებებისა და სხვა დოკუმენტური მასალების დაყრდნობით, შთამბეჭდავად ინაკვთება დიდი ხელოვანის პიროვნული პორტრეტი. სპექტაკლი, რომელიც ერთდროულად მხატვრულ და შემეცნებით ხასიათს ატარებს, აკაკი ხორავას დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა.

თეატრალური ფესტივალის სენაკური პერიოდი დასრულდა. ფესტივალი 3 სექტემბრიდან, ქალაქ ფოთში განაგრძობს სეზონს და 6 სექტემბერს, ერთი წლის ინტერვალით, დაემშვიდობება მაყურებელს.

Related posts

ანაკლიაში საერთაშორისო ფოლკლორულ-ლიტერატურული ფესტივალი ,,ანაკლია 2018“ გაიხსნა

რედაქტორი

ფესტივალ Echowaves 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება

სენაკში ნადეჟდა გვაძაბიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

დატოვე კომენტარი