STV
რეგიონი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში აღნიშნეს

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. აქვე მოეწყო სენაკელი მხატვრის მოსე გერსამიას ნამუშევრების გამოფენა.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დილიდან, სპორტული აქტივობები – ველორბოლა და მარათონი გაიმართა.

შემდეგ იყო კოსტუმირებული მსვლელობა ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეების, სენაკელი სპოტსმენების, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების აღსაზრდელებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სივრცე მოეწყო – ყვავილების ფესტივალი, რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, ასფალტზე და სახეზე ხატვა, აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში – კარატეში, მკლავჭიდში, ჭიდაობაში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.

ამფითეატრის სცენაზე სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელებმა ფლეშმობი და სპორტული ცეკვები წარმოადგინეს.

მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული აქტივობების შემდეგ საზეიმოდ გაიხნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინი მოედანი, სადაც საჩვენებელი მატჩი გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის თასი გადაეცა.

შემდეგ კი მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.

მთელი დღის მანძილზე, სახვითი ხელოვნების გალერეის საგამოფენო დარბაზი ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობდა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიხურება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკში გალაკონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

Related posts

სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რედაქტორი

სამეგრელოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რედაქტორი

გზების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში

დატოვე კომენტარი