დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ახალგაზრდებს შორის ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, გიორგი ჩხიკვაძეს შეხვდა.
გიორგი ჩხიკვაძე 2008 წლიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა. ჭაბუკთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონმა, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ევროპის ორგზის პრიზიორმა, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულმა, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელმა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ჰიმნი მესამედ ააჟღერა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, უფაში, ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სენაკელი ფალავანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა გიორგის მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ ფალავანს ფულად ჯილდოს გადასცემს.