რეგიონი

სოფელ ლესიჭინეში დღეს საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სამეგრელო ზემო – სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.

ცენტრი ლესიჭინესა და მის მიმდებარე 7 სოფელში (ქვედა ჩხოროწყუ, ახუთი, კირცხი, ხიბულა, ზანა, უშაფათი და ფოცხო) მცხოვრებ 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. დღემდე ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინტერნეტმომსახურება ერთ-ერთ გამოწვევად რჩებოდა.

სოფელში არ არის ბოჭკოვანი კაბელები და მოქალაქეებისათვის მხოლოდ „მაგთის“ ინტერნეტი იყო ხელმისაწვდომი, რომლითაც ერთეულები სარგებლობდნენ. ლესიჭინეში არ იყო მობილური ოპერატორებისა და „ლიბერთი ბანკის“ ოფისებიც. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ ეს პრობლემებიც მოგვარდა. ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც ხელმისაწვდომია კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

ცენტრში, ასევე, განთავსებულია მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისთან ერთად, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ადგილზე მიღება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი.

Related posts

ზუგდიდში საჯარო სკოლებისთვის 2 500 000 ლარი გამოიყოფა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოზარდების ,,შემოდგომის ფერების“ ღონისძიებას ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

სოფელ უშგულში დღეს პირველი თოვლი მოვიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი