ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ , მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ და სოფელ კირცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერიანე იზორიამ სოფელ კირცხის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს. სოფელ კირცხში #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ . სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ქართული სამშენებლო ჯგუფი“ .
პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობა ადაფტირებულია შშმ პირებისთვის. სრულად რეაბილიტირდა ასევე სკოლის დამხმარე ნაგებობა – მასწავლებელთა ყოფილი სახლი, რომელშიც ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ბუფეტი განთავსდება.
სკოლა აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ეზოსა და სპორტული მოედნის მოწყობა. ეზოს მოწყობითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.