ზუგდიდის მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან, ამ წუთებში ხმაურია. ხმაური გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა დასწრების უფლება არ მისცეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში ზურაბიშვილის ჩამოსვლას აპროტესტებენ.
“მე მაინტერესებს, რა უფლებით აღიარებს სალომე ზურაბიშილი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს? ამაში არის რამე პროვოკაციული? არ მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება?”, – განაცხადა შეხვედრაზე მოსულმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მანანა ტრანკლემ.
ორგანიზატორების განცხადებით, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ საერთო სამოქალაქო სექტორთან. მათი განმარტებით, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოგზავნილი ადამიანები არიან, რომლებიც პროვოკაცის აგორებას ცდილობენ და ამ გზით კი შეხვედრის ჩაშლას.
საბოლოოდ ის ადამიანები, რომლებიც შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ დარბაზში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თხოვნის შემდეგ შეუშვეს. ამ წუთებში ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ელოდებიან.