STV
კონფლიქტი

პრემიერი: “საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი”

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით,   „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ იდეას ავრცელებს“

„ეს არის ყველაზე დიდი და ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს ჩვენ საქართველოში, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიისა ოკუპირებული არის რუსეთის მიერ და, რასაც ვხედავთ ამ ტერიტორიებზე არის ძალიან დიდი ტკივილი, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა რაც იქ ხდება. მინდა შეგახსენოთ, რომ მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში ომამდე იყო 120 000 ადამიანი, ახლა კი, არის 20 000 და აქედან 7 000 არის რუსეთის ჯარები. აფხაზეთში კი, ომამდე მოსახლეობა იყო 550 000 და ახლა 120 000-ს არ აღემატება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე რეაგირების ფარგლებში, ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შეიმუშავა.

„ვცდილობთ, გარკვეული რეაგირება მოვახდინოთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ჩვენ გაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივის იდეა არის ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მივცეთ მათ შანსი, კომერციული საქმიანობა აწარმოონ, რათა შემოსავალი შეიტანონ ოჯახებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ყველაფრის წინააღმდეგია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფერზე საუკეთესო პასუხი იქნება საქართველოში ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება.

„ყველაზე საუკეთესო პასუხი ამ ყველაფრისა, იქნება ძლიერი ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება საქართველოში და ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ ამ გზაზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ილუზიები არ გაქვს, ეს გზა ნამდვილად არის გამოწვევებით სავსე და იქნება კიდეც გამოწვევებით სავსე, თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ პოზიციაზე და აბსოლუტურად დარწმუნებული, ვარ რომ ეს არის ერთადერთი წინაპირობა ჩვენთვის, რომ მოხდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა, გადაწყვეტა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საქართველოში ძლიერი დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური გარემო, სადაც ყველას ექნება შანსი, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. ეს არის ორი ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულად გავიაროთ ამ გზაზე და მივაღწიოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, გადაჭრას“, – აღნიშნა დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრმა.

მან ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტი.

„უფრო მეტიც, გარკვეული მიღწევებიც გაქვს ამ გზაზე. ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს იქ ეთნიკური კონფლიქტი, ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ იდეას ავრცელებს, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობები უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან. თუ საქართველო წარმატებული იქნება დემოკრატიის მშენებლობაში, თუ საქართველო შექმნის კონკურენტუნარიან ეკონომიკას, ჩვენ შევძლებთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან ამ თვალსაზრისით. კონფლიქტები საქართველოში დგას დღის წესრიგში და ასევე, საუკეთესო ინტერესებში შედის როგორც აშშ-ის, ასევე ევროპისა, დაარწმუნონ რუსეთი, რომ მსოფლიოს ეს ნაწილი იმსახურებს მშვიდობას და აქ საჭიროა კეთილდღეობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Related posts

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ომარ ბრანბა დაინიშნა

რედაქტორი

სოხუმში ნომერ მეორე სკოლა იწვის

რედაქტორი

ევროპელი ტურისტების თვალით დანახული სოხუმი [ახალი ფოტოები]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი