ზუგდიდში, ნაწულუკუს უბანში ხანძარის შედეგად 6 ჰეკტარამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია დაიწვა. ნაწულუკუს მკვიდრის განცხადებით, ცეცხლი ეკალ ბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი ახლოს მდებარე რამდენიმე ჰექტარზე თხილისა და ხურმის პლანტაციასაც მოედო და სრულად დაიწვა.
ხანძრის კერის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კოსტანტინე კაკავა. მერის მოადგილის განცხადებით,მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის და მას შემდეგ მოხდება, დაზარალებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შეგახსენებთ, ხანძრის აქტიური კერები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას მოსაზღვრე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ ლეკუხონას ტყეში კვლავ რჩება.