ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. სწრაფი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა გზისპირას მიმავალ მოზარდს ლ.ჩ-ს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე წუთში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მოზარდი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
“ლუკა ამ სოფლის მკვიდრია. ის ამ საღამოს ძაღლს ასეირნებდა ქუჩაში მეგობართან ერთად. მეგობარმა გზა გადაჭრა და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა მოასწრო, მას კი სწრაფად მომავალი ავტომანქანა დაეჯახა და მერე უკვე აღარ მახსოვს გარშემო რა ხდებოდა. ახლაც შოკში ვარ. საშინელება ვნახეთ”-ამბობს STV-სთან ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
