სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, ჭაბუკთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონს, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ევროპის ორგზის პრიზიორს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელს გიორგი ჩხიკვაძეს, საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელს, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს, ლუკა ოჩიგავას და მათ მწვრთნელს, ვალერი მურღულიას შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოპოვებული მორიგი გამარჯვება და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ,,ვულოცავ სენაკელ ფალავანებს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოპოვებულ გამარჯვებას. ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატება მშობლიური ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყის საფუძველი და ახალი გამარჯვებების საწინდარია.
სენაკს სპორტული მიღწევებისა და ქვეყნისთვის გამოჩენილი სპორტსმენების აღზრდის დიდი ტრადიცია აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ამ კუთხით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.