წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ლესალეს ციხის ნანგრევების ექსპედიციაში მონაწილე ჯგუფის წევრებს შეხვდა. ექსპედიციის წევრებს ხელმძღვანელობდა გერმანიის, იენის უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ანიგრეტ პლონტკე. გერმანელმა არქეოლოგმა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც ჩატარდა ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლესალეში,ციხის ნანგრევებზე. მან ასევე აღნიშნა რომ წელსაც გაგრძელდება აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები.

თამარ ბელქანიამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის, საინტერესო ინფორმაციის გაცნობისთვის და მზაობა გამოთქვა მუნიციპალიტეტის მერიამ მხარი დაუჭიროს ექსპედიციის წარმატებით განხორციელებას. როგორც ცნობილია, 2021 წელს,ლესალეს ციხის ნანგრევების ექსპედიციის პროცესში, ასევე, ჩართულნი ქართველი დოქტორანტი თამარ გიორგაძე და სტუდენტი ნოდარ კუკავა , გერმანელი მეცნიერი ფრანკ შლაიხერი.
დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი ზურაბ სამუშია. ცნობისთვის 2013 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სოფელ ლესალეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლესალეს მკვიდრმა მიწის დამუშავებისას საკუთარ მამულში თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წლების წინ აღმოაჩინა. შეგროვილი ნიმუშების გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ნივთები ჩვ.წ.აღ 1 ათასწლეულით თარიღდება. ამ აღმოჩენებით შემდეგ დაინტერესდნენ არქეოლოგები.