STV
ახალი ამბები რეგიონი სოფლის მეურნეობა

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის​ სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა ქ. ზუგდიდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადებული დოკუმენტის მიზანი, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებაა, რამაც უნდა უზრუნველყოს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს.

შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, მოხდება საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა; ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას.

კონცეფციის თანახმად, მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე. შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით.

„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, კალა-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

რედაქტორი

ზუგდიდის მერია 25 ოჯახისთვის სოციალურ სახლებს აშენებს

რედაქტორი

ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი