STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

კულტურის სამინისტრომ ზუგდიდის და სენაკის თეატრებს მიკროავტობუსები გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 11 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადასცა. ავტობუსები თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თეატრთა სამხატვრო ხელმძღვანელებს წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

იმ თეატრებს შორის ვისაც მიკროავტობუსები გადაეცა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრია.

„კულტურის სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2021 წლიდან დაიწყო. უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი თეატრების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა და ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძენილ ავტომანქანებს ფლობდნენ.

დღეს, თბილისის სამ, რეგიონის შვიდ და ასევე დევნილ თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადაეცა. კულტურის სამინისტრომ თერთმეტი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა; გამარჯვებულ კომპანია შპს „სენამოტორსთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა. მიკროავტობუსები 1,149,182 ლარად შეიძინეს.

ახალი ავტომანქანები თითოეულ დასს გადაადგილებასა და რეკვიზიტების გადატანაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს მათ, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და გახადონ თეატრი საყოველთაო.

ცნობისთვის – 2022 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს ათი ახალი მიკროავტობუსი გადასცა. სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა და მასში კომპანია შპს „სენამოტორსმა” გაიმარჯვა, რომელთანაც 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენდა.“ – ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

კოკის საჯარო სკოლაში გაეროს მოსახლეობის ფონდმა თანასწორობის კუთხე გახსნა

რედაქტორი

იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167-ე წლისთავი აღინიშნა

რედაქტორი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოძალვის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი