სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღესვე მოხდება ტექნიკისა და მაგისტრალური მილების ადგილზე მობილიზება და ხვალიდან სამუშაოები დაიწყება. წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები კი დღეს დაიწყება, შესაბამისად ფოთსა და სენაკს წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება. მთავრობის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ივლისს ძლიერმა წყალმოვარდნებმა, ხობის სოფელ ბიაში გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში კი წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.