რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა საქართველოში, შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთათვის ილოცონ. ინფორმაციას ამის შესახებ Vatican News-ი ავრცელებს.
შესაბამისი განცხადება კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ლისაბონში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან დამსწრეებს სთხოვა შეუერთდნენ ლოცვაში „იმ ტრაგიკული მეწყერის შედეგად გარდაცვლილებისთვის, რომელიც ორი დღის წინ, საქართველოს რეგიონ რაჭაში ჩამოწვა“.
ფრანცისკემ მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და აღნიშნა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გვერდითაა.
„მე ჩემს ძმასთან საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ახლოს ვარ“, – განაცხადა ფრანცისკემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.