STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

ათეული წლების შემდეგ სამეგრელოში ავთენტური კოლოშის რთველი ჩატარდა [POTO]

ათეული წლების შემდეგ, მარტვილის მუნიციპალიტეტში კოლხური ენდემური ვაზის ჯიშის კოლოშის რთველი ჩატარდა. კოლოშის ენდემური ჯიშის ვაზის ავთენტურობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში ლაბორატორიულად დამტკიცდა და მისი გაშენება ზაზა და ზვიად ხარებავებმა სოფელ ნახუნაოში მოახდინეს. კოლოშის პირველ რთველს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა ესწრებოდა. ათწლეულების შემდეგ აღდგენილი კოლოშის პირელი რთველიდან ვიდეორეპორტაჟს STV-შემოგთავაზებთ.

მევენახეობას სამეგრელოში, უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ივანე ჯავახიშვილის, ერმინე ნაკაშიძის, აკაკი ჭანტურიას, მაქსიმე რამიშვილისა და სხვათა კვლევის შედეგად დგინდება, რომ სამეგრელოში ვაზის სამოცამდე ენდემური ჯიში იყო გავრცელებული: ეგურძგური, კოლოში, ჭვიტილური, პანეში, დღუნდღუში, მახვატელი, მაჭყვადინა, ჭოდი, ჭუბერი, ჩერგვალი, ჩეხარდანი, ჩეჭიფეში, ჩეში, გოდაათური, გრეხი, კაბისტონი, კაჭიჭი, კერთოლი, მუხიშხა, სამაჭრო, კუტალა, ვერნახი, კვაწახურა, ოფოფი, ოქონა, პუმპულა, საკუმა, ჩეკოლოში, ხემხუ, ჩიჩქიში, ჯინეში და სხვა.

1672-1673 წლებში სამეგრელოში იმოგზაურა ფრანგმა კომერსანტმა და ვაჭარმა ჟან შარდენმა. რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის სამეგრელოში მევენახეობის კულტურასთან დაკავშირებით. ავტორი სამეგრელოს ღვინო საუცხოოს, მაგარს და ბლანტს უწოდებს, რომელიც მეტად სასიამოვნოა სასმელად და კუჭისთვისაც მარგებელი. შარდენი წერს, რომ მთელ აზიაში უკეთესს ვერაფერს დალევ.


აღნიშნულ კუთხეში მევენახეობის კულტურაზე ცნობები ასევე დაცული აქვთ არქანჯელო ლამბერტს, დონ კრისტიანო დე კასტელს, ედუარდ აიხვალდს, კორნელი ბოროზდინს, ჟიულ მურიეს, დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელს, კარლ კოხს, რომელიც კულტურული ვაზის სამშობლოდ სამეგრელოს მიიჩნევს და სხვებს (სხვათა შორის კულტურული ვაზის სამშობლოდ სამეგრელოს ბევრი ცნობილი მეცნიერი თვლიდა)


კორნელი ბოროზდინის ცნობის მიხედვით სამეგრელოში რთველს იწყებდნენ გიორგობისთვეში. ,,რაც უფრო გვიან დაჰკრეფდნენ, მით უფრო კარგი ღვინო დგებოდა. ოჯალეშის ყურძენს ქრისტეშობა გასულს ან იანვრის დამდეგს კრეფენ. ყურძენს ცაცხვის ხისგან გაკეთებულ საწნახელში ჰყრიან. როცა ყურძენს ფეხით გასჭყლეტავენ ერთჯერ, ტბილს ასადუღებლად შიგ ჩასტოვებენ, მერე მეორეჯერ გასჭყლეტავენ, ხელახლა ადუღებენ და მესამეჯერაც გაჭყლეტის შემდეგ ტკბილს საწნახელიდან ხრიკათი ამოიღებენ და ქვევრში ასხამენ.


მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში საქართველოში ვაზს გაუჩნდა ავადმყოფობა ნაცარი, ეს სენი გადმოტანილ იქნა ევროპის და ყირიმის ვაზებთან ერთად, რომელიც ძალიან ბევრი შემოდიოდა საქართველოში მთავარმმართებელ ვორონცოვის დროს. ნაცარმა გურია-სამეგრელოს მევენახეობა თითქმის სრულად მოსპო და მათ ადგილას მცხოვრებლებმა გააშენეს ,,იზაბელა’’ (ადესად წოდებული) რომელსაც ნაცარი და ჭრაქი არ ეკარება. ყველგან დაიწყეს ,,ადესას’’ გაშენება და მოკლე ხანში ის ერთობ გავრცელდა.


ამ ამბავს ეხმიანება 1890 წელს ივერიაში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ვკითხულობთ: ,,ამ ორმოცი წლის წინათ ქუთაისის გუბერნიაში პირველი ადგილი ღვინის წარმოებაში სამეგრელოსა და გურიას ეჭირა. მეგრელები და გურულები იმერულ ღვინოს დაცინვით ,,გიდლის ღვინოს“ ეძახდნენ და თავი მოსწონდათ ,,ოჯალეშის’, ,,კოლოშის’’, ,,ჯანისა’’ და სხვა ღვინოებით; ბედმა უღალატა მეგრელებსა და გურულებს და დღეს იმ ,,გიდლის ღვინოში’’ ფუთში 4 და 5 მანეთს აძლევენ და თვითონ, უსიამოვნო ,,იზაბელას’’ გარდა, აღარა მოსდით რა.


მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში მევენახეობა მე-19 საუკუნის 50- იანი წლებიდან თითქმის სრულად განადგურდა, მევენახეობასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები არ წაშლილა ადგილობრივთა ხსოვნიდან და მათმა ნაწილმა დღემდეც კი მოაღწია.

ისტორიული ფაქტები მომზადებულია ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით.

Related posts

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს (ნაწილი III)

რედაქტორი

ნინო ვიბლიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა

რედაქტორი

რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი