ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონია. გუნდი ეროვნული პირველობის ბოლოსწინა ტურში უშუალო კონკურენტს, მოქმედ ჩემპიონს, ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრამდე გუნდები 25-25 ქულით ლიდერობდნენ და შეხვედრა ჩემპიონის ბედს წყვეტდა. მატჩი ლანჩხუთელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და პირველივე ტაიმში გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიეს. ანგარიში სწრაფი გოლით ლელა ჭიჭინაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი სოფიკო ნარსიამ და ეთერ სულაშვილმა „სამეგრელოს“ კარი კიდევ ორჯერ აიღეს და პირველი ნახევარი 0:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში ჩხოროწყუს გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლანჩხუთმა“ ტიტული მოქმედი ჩემპიონისგანდაიბრუნა. გურულებმა მომდევნო სეზონში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მესამე ადგილი კი „კვარტალმა“ გაინაღდა, რომელსაც 10 ქულა აქვს და, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, „ბათუმი“ ვეღარ დაეწევა.
ქსკ სამეგრელო – ქსკ ლანჩხუთი 0:3