STV
ისტორიული ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდში წარმოებული ღვინის პირველი ეტიკეტი

მე-20 საუკუნის დასაწყისში აკაკი ჯანაშიას ბაბუას, სოლომონ ჯანაშიას (1868-1941), ზუგდიდში ცნობილი ღვინის დუქანი ჰქონდა, რომლის სარდაფშიც იწარმოებოდა ნატურალური კავკასიური ყურძნის ღვინო.

სოლომონ ჯანაშიას ღვინის დუქანი მდებარეობდა დღევანდელი რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა დგას.

ოჯახში ინახება სარდაფში წარმოებული ღვინის ეტიკეტი, რომელიც დამზადებულია ახასენაკში, ც. დგებუაძის ტიპოგრაფიაში.

ეტიკეტზე არის წარწერა: ,,კავკასიური ყურძნის ღვინო სოლომონ ჯანაშიას სარდაფიდან – ზუგდიდი”

ჯანაშიების საოჯახო რელიქვიას წარმოადგენს უძველესი საწნახელი, ღვინის კასრები და მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა ინვენტარი.

ასევე ოჯახის მნიშვნელოვანი საკუთრებაა დიდი ბაბუას პირადი ნივთები, ფოტოები და წერილები.

სოლომონ ჯანაშიას ვაჟიშვილი – პარმენი, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ორჯერ იყო გადასახლებული – 1932 და 1937 წელს. ბოლო გადასახლებიდან ის არ დაბრუნებულა.

1932 წელს ციმბირიდან პარმენ ჯანაშია თავის მშობლებს სწერდა: „მართალია, მამავ, უნდა გამოგიტყდე და გითხრა მართალი, იმ დროს, როდესაც მე ვიმყოფებოდი თქვენთან, მაშინ არ მქონია მთლიანად გაგებული დედ-მამის მოპყრობა და მათი პატივისცემა. შეიძლება ახლაც არ ვიყო მთლიანად გაგებული, მაგრამ უკეთესად შემიძლია დავახასიათო, ვიდრე მაშინ… უნდა გავატარო გაჭირვებულად ეს ზამთარი, თუ გავუძელი სიცივეს. დედას უთხარი, რომ დაბამბული შალვარის შესახებ რომ შევუთვალე, ცოტა ჩქარა გამომიგზავნოს. შაქარი, მამავ, სანახავადაც ვერ ნახავ. უჩაიოდ აქ ძალიან ძნელია ცხოვრება. ეცადე რამეფრად თუ იშოვე, გამომიგზავნო… პასილკის გამოგზავნის დროს, მამავ, თუ მოახერხე რამეფრად გამომიგზავნე: შაქარი, ღორის ქონი, სალა დამარილებული, ჩაი, ნიგოზის გული ან თხილის გასუფთავებული, სუნელი ხმელი, ცალ-ცალკე ქაღალდებზე წარწერით. აგრეთვე დედამ დააწეროს, თუ სხვადასხვა საჭმელს რომელი სუნელი სჭირდება და რამდენი“…

©️ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის საავტორო პროექტი – „სკივრიდან გაცოცხლებული ზუგდიდური ამბები“ გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი