ოკუპირებული აფხაზეთისა რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც მან 2030 წლისთვის საქართველოს გაერთიანებაზე ილაპარაკა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ თბილისს კიდევ 300 წლის განმავლობაში ექნება აფხაზეთის დაბრუნების სურვილი.
„მათ (საქართველოს) 30 წელია სურთ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, ეს ვის უკვირს?! ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ეს ჩვენთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გამტკიცება“, – თქვა შამბამ.
ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, სოხუმსა და თბილისს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემაა. „როდესაც ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამის მზადყოფნა“, – თქვა მან.
შამბამ ასევე ილაპარაკა კონფედერაციის თემაზე: „კონფედერაციის საკითხების ან ამ სახელმწიფოსთან რაღაც სხვა ურთიერთობის განხილვას ჩვენ არ ვგეგმავთ“.
„ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას.
