წალენჯიხაში, “იუვენტუსის” აკადემია, წარმატებულ ვეტერან ფეხბურთელს დევიდ ტრეზეგეს, მასპინძლობს. ფეხბურთელს საზეიმო ვითარებაში აკადემიის დამფუძნებლები და მოსწავლეები შეხვდნენ. დახვედრის საზეიმო ცერემონია წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელმა აკადემიის ქართველ დამაარსებლებთან ერთად შეკრებილ მოზარდებს სიტყვით მიმართა და ახლადგახსნილი აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
როგორც მედიასთან საუბრისას აკადემიის დამფუძნებელმა და პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნული აკადემია წალენჯიხას მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მისი თქმით, დავიდ ტრეზეგეს სტუმრობაც დღეს ამის დასტურია.
“დღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან. მადლობა დევიდ ტრეზეგეს და იუვენტუსის მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისა და თანამშრომლობისთვის,” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, წალენჯიხაში “იუვენტუსის” აკადემია რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, აკადემიაში ასწავლიან Uefa A ლიცენზირებული მწვრთნელი იტალიიდან და ქართველი Uefa B ლიცენზირებული მწვრთნელი. ამ ეტაპზე აკადემიაში 78 ბავშვი ირიცხება.

