STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები კულტურა მთავარი ამბები

ლევან II დადიანის აკლდამის რესტავრაცია მიმდინარეობს

ლევან II დადიანის აკლდამის გარშემო მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სააგენტომ დაიწყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში განთავსებული სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის, დედოფალ ნესტან-დარეჯანის, განსასვენებელი აკლდამის ქვის რესტავრაცია.

პირველ ეტაპზე სამარხი გასუფთავდა მიწისგან, ასევე, ფოთლებისა და სხვა ნარჩენებისგან, გაიწმინდა აკლდამაში არსებული, ჩუქურთმით დამშვენებული, მარმარილოს დამტვრეული ქვა. განხორციელდა აკლდამის 3D სკანირება, რის საფუძველზეც შედგება ზუსტი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები. აკლდამაში არსებული მიწისგან გამორჩეული ოსტეოლოგიური მასალა დასვენდა აკლდამაშივე.

გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს არქეოლოგებმა შეასრულეს. მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს უშუალოდ დაზიანებული ნაწილების განახლებას და ქვის მთლიანობის აღდგენას.

ლევან II დადიანის საფლავის ქვის რესტავრაცია და ქვის წარწერის შენარჩუნება 2023 წლის დეკემბერში წალენჯიხაში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიზიტისას ადგილობრივ სასულიერო პირებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამაგრდა ტაძრის საძირკველი და მოეწყო სადრენაჟო სისტემა“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერში განთავსებულია სამეგრელოს მთავრის – ლევან II დადიანისა და მისი მეუღლის – დედოფალ ნესტან-დარეჯანის განსასვენებელი აკლდამა. ლევან II დადიანი ოდიშის სამთავროს 1611 – 1657 წლებში მართავდა. 

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი X-XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ნაგებია თლილი ქვით და შემდეგ არის შელესილი. ტაძარს სამი მხრიდან აქვს გარშემოსავლელი, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისა გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეკვდერად. ეკლესიის გუმბათი ათი წახნაგისაგან შედგება. თითოეულ წახნაგში დატანებულია თითო ვიწრო სარკმელი. ტაძრის ყველა კედელი მოხატულია. ტაძარს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და იმავე წელს განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი