საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ. მათ შორის იყო სტარტაპი „სმარტ ცქვიტა“ ზუგდიდის ტექნოპარკიდან.
როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი, მარიამ ჩქოტუა BM.GE-სთან აცხადებს, სტარტაპი ადამიანებს ელექტრო ენერგიის მონიტორინგსა და ხარჯების სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.
„იდეა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მოგვივიდა და მუშაობა სწორედ იმ პერიოდიდან დავიწყეთ. შემდეგ უკვე განვავითარეთ და დავამატეთ ახალი ფუნქციები. წელს კი, GITA-ს 25 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვეთ.
მოგებული თანხიდან, 10000 ლარს მარკეტინგული მიმართულებით გამოვიყენებთ, ხოლო დანარჩენით პროდუქტის დამზადებისთვის ახალ ინვენტარს შევიძენთ. ჯერჯერობით გაყიდვები არ გვაქვს, რადგან მხოლოდ პროტოტიპი გვაქვს დამზადებული. თუმცა მიმდინარე წელს, მოგებული თანხით, ვგეგმავთ დაახლოებით 400-450 მოწყობილობის დამზადებას. ამასთან ვგეგმავთ, რომ სხვა საგრანტო კონკურსებშიც გავიდეთ და წარმოება გავაფართოოთ.
ჩვენი ძირითადი სეგმენტი სამშენებლო კომპანიები არიან, რომლებთანაც შუამავალი ადამიანების მეშვეობით გვაქვს კომუნიკაცია “,-აცხადებს ჩქოტუა.
მისივე განმარტებით, მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 70 ლარიდან ზემოთ იქნება. პროდუქტი აპლიკაციის საშუალებით იქნება მართული, რომელიც ასევე ფასიანი იქნება. ეს კი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.
რაც შეეხება ნედლეულს, ნედლეული სრულად იმპორტირებულია, რომელიც საქართველოში აიწყობა.
„ბაზარზე მსგავსი მოწყობილობა უკვე არსებობს, თუმცა მისი ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად ჩვენნაირი, მრავალფუნქციური მოწყობილობა ჯერჯერობით არ არის. მას დისტანციურად მართვის ფუნქცია აქვს, ელექტროენერგიის მონიტორინგს ახდენს, მონაცემთა ანალიზსა და ასევე, დაზიანებული მოწყობილობის ამოცნობა შეუძლია.
ჯერჯერობით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე ვიქნებით ორიენტირებული და შევხედავთ, თუ რამდენად მიიღებს ბაზარი ჩვენს პროდუქტს“,- განაცხადა სტარტაპის თანადამფუძნებელმა.