,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, აუცილებელია ,,ქართულმა ოცნებამ” აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას.
,,დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიკურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს.” განაცხადა ივანიშვილმა.