მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
ანგარიში 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტად შესრულებული პენალტით გაიხსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 1:0, დასრულდა.
მეორე ტაიში საქართველო 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ დააწინაურა. 63-ე წუთზე ეროვნული ნაკრების უპირატესობა სამ ბურთამდე გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა. ჩეხების კარში მეოთხე ბურთი 66-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, მე-80 წუთზე კი ჩეხებიდან გოლი ლუკაშ კალვახმა გაიტანა.
საქართველო-ჩეხეთის მატჩს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
მატჩის დაწყებამდე ქართველ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიადისა და პარალიმპიური თამაშების მედალოსნებმა მოპოვებული ჯილდოები წარუდგინეს. ალექსანდრე იაშვილმა კი გიორგი მიქაუტაძეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის ჯილდო გადასცა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს პირველად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა – ივნისში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და მერვედფინალში გასვლა შეძლო.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს ალბანეთთან გამართავს.