შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია). ინფორმაციას ანაკლიის ნავსადგური ავრცელებს.
,,სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი გულისხმობს მობილიზაციის ფაზას, კერძოდ, კონტრაქტორის მიერ განხორციელდება გარკვეული კვლევითი სამუშაოები და სამშენებლო ობიექტის/ბანაკის მოწყობა.
მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს:
- სამშენებლო ტერიტორიაზე ქვის ლოდების შეტანის მიზნით, შესაბამისი აქტივობები;
- სამშენებლო ბანაკის მოწყობის სამუშაოები;
- დროებითი სამუშაო სივრცეების (მ/შ საოფისე ფართების) მოწყობის სამუშაოები;
- ტერიტორიის შემოღობვა;
- გრუნტის ზედაპირის მოსწორება და სამიმოსვლო გზის მოწყობა;
- კომუნიკაციების შეყვანა (წყალი, ელექტროენერგია და სხვა).
- ბეტონის ე.წ. ,,X-block” წარმოების პოლიგონის მოწყობა
ასევე ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია (წყლის სიღრმის გაზომვა) და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია ,,Royal HaskoningDHV” ერთად.
უახლეს პერიოდში დაგეგმილია და განხორციელდება ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.





