ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ფოთის საზღვაო აკადემიის ფილიალში ღია კარის დღეს დაესწრო.
როგორც ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა ფოთში ახალგაზრდების მოზიდვისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია, ახალგაზრდებს ქალაქიდან გაუსვლელად ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ფოთელ ახალგაზრდებს, რომლებიც საზღვაო აკადემიაში გააგრძელებენ სწავლას უმაღლეს საფეხურზე, სწავლის გადასახადი 50%-ით დაუფინანსდებათ“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთის საზღვაო აკადემიაში წელს 25 ფოთელი პირველკურსელი ჩაირიცხა. სასწავლებელში შექმნილია ყველა საჭირო პირობა როგორც თეორიული განათლების მისაღებად, ასევე პრაქტიკული გამოცდილების დასაგროვებლად. მომდევნო წლებში აკადემიას დაემატება ახალი საბაკალავრო პროგრამები საზღვაო მიმართულებით, რაც სტუდენტთა რაოდენობას გაზრდის.




